ტოივო კლაარი - მნიშვნელოვანია, სამხრეთ კავკასიის სამმა ქვეყანამ იმუშაოს ერთად და აქ საქართველოს როლი, იყოს ხიდი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, ძალიან მნიშვნელოვანია
„პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ მის პერსონალურ მონაწილეობასა და ჩართულობაზე აზერბაიჯანის პრეზიდენტსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად, ასევე მის სურვილზე, იმოქმედოს, როგორც ფასილიტატორმა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მათი დაახლოებისთვის, ჩვენ ამას მხარს ვუჭერთ“, – ეს განცხადება ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენლემა სამხრეთ კავკასიის საკითხებში, ტოივო კლაარმა „მოამბისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
ტოივო კლაარი იმედს გამოთქვამს, რომ სამომავლოდ თანამშრომლობა ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას შორის კიდევ უფრო გაიზრდება და მჭიდრო გახდება.
როგორც ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ამბობს, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის მისასალმებელია საქართველოს სურვილი, მეზობელ ქვეყნებს – აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ხიდის როლი შეასრულოს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამხრეთ კავკასიის სამმა ქვეყანამ იმუშაოს ერთად და ხელი შეუწყოს მშვიდობას, და აქ საქართველოს როლი, იყოს ხიდი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, ძალიან მნიშვნელოვანია. მე და პრემიერ-მინისტრმა განვიხილეთ ამ თვალსაზრისით უკვე გადადგმული ნაბიჯები და ვიმედოვნებ, მომავალში ამ მხრივ კიდევ უფრო მეტი თანამშრომლობა იქნება ევროკავშირსა და საქართველოს შორს, ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის სამ სახელმწიფოს შორის“, – განაცხადა ტოივო კლაარმა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანი იყო თბილისში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა და საქართველოს დედაქალაქი კვლავ შეიძლება იყოს გამოყენებული როგორც უმაღლესი დონის, ისე სხვადასხვა ფორმატის შეხვედრებისთვის.
„თბილისი იყო ის ადგილი, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა შედგა და კვლავ შეძლება ასეთ ადგილად იქცეს როგორც ლიდერთა შეხვედრებისთვის, ისე განსხვავებული ფორმატებისთვის. საქართველო ამ მხრივ გეოგრაფიულადაც ძალიან მოსახერხებელია, აქ ჩამოსვლა მეზობელი ქვეყნებიდან სწრაფად და იოლად შეიძლება. საბოლოოდ, ლოგიკურია, რომ სამმა ქვეყანამ, რომელიც ერთ სივრცეში, სამხრეთ კავკასიაში მდებარეობს, სცადოს და იპოვოს თანამშრომლობის არეალები. მაგალითად, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, გარემოს დაცვის საკითხებში და სხვა. მე ძალიან დიდი პოტენციალს ვხედავ ახლაც და სამომავლოდაც“, – განუცხადა ტოივო კლაარმა საქართველოს პირველ არხს.