ტოივო კლაარი აცხადებს, რომ ჟენევის მოლაპარაკებათა უნიკალური ფორმატის შენარჩუნება აუცილებელია
ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში და ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე ტოივო კლარი მიიჩნევს, რომ ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატი უნიკალურია და თავად ასეთი ფორმატის არსებობა უკვე კონკრეტული შედეგია.
ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე მიჩნევს, რომ ყოველთვის არის შესაძლებლობა ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატის გაუმჯობესებაზე ან გაძლიერებაზე ფიქრისთვის, თუმცა ამ ეტაპზე ფორმატის გადაწყობა რთული იქნება.
ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოს პირველი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ ჟენევის პლატფორმის შენარჩუნება აუცილებელია.
„მე მჯერა, რომ ყოველთვის არსებობს რაღაცის გაუმჯობესების საშუალება, მათ შორის ჟენევის მოლაპარაკებებისაც. ასევე, გასაგებია ის იმედგაცრუებაც, რომელიც შეიძლება, იგრძნობოდეს მოლაპარაკებების რაუნდების უშედეგობის თუ ძალიან ლიმიტირებული შედეგების გამო. ამავდროულად, ეს არის უნიკალური ფორმატი და, ვფიქრობ, დღეს ძალიან რთული იქნება ფორმატის გადაწყობა. მჯერა, რომ მნიშვნელოვანია ამ ფორმატის დაცვა, ისევე როგორც, პარალელურად, მისი გაუმჯობესების გზების ძიება, რათა შედეგზე მეტად ორიენტირებული გახდეს. მნიშვნელოვანია ამ ფორმატის შედეგებისა და ფასეულობის გაცნობიერება, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ის არსებობს. დღევანდელ მოცემულობაში მისი შექმნა ურთულესი იქნებოდა“, – განუცხადა ტოივო კლაარმა საქართველოს პირველ არხს.
როგორც ცნობილია მიმდინარე თვის ბოლოს ჟენევის ფორმატის მომდევნო რაუნდი უნდა შემდგარიყო, თუმცა მოლაპარაკებები აპრილისთვის გადაიდო. მანამდე ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, რომელიც გასული დღეების განმავლობაში თბილისს სტუმრობდა, სხვა თანათავმჯდომარეებთან ერთად ოკუპირებულ აფხაზეთშიც უნდა ჩასულიყო, თუმცა დე ფაქტო მთავრობამ ამჯერად ვიზიტის საჭიროება ვერ დაინახა.
„სამწუხაროა, რომ გაერო-სა და ეუთო-დან ჩემს კოლეგებთან ერთად აფხაზეთში ჩასვლა ვერ მოვახერხეთ. მჯერა, რომ ეს ვიზიტი სასარგებლო იქნებოდა. იქ სიტუაცია, როგორც ვხვდები, საკმაოდ რთული და გამოწვევებით დატვირთულია, თუნდაც ეკონომიკური თვალსაზრისით – იზრდება ფასები, ელექტროენერგიის პრობლემებია და მნიშვნელოვანი კონტექსტია რუსეთის ომიც უკრაინაში, რომლის ჩრდილი აფხაზეთსაც ეცემა. ისმოდა ცნობები, რომ ადამიანებს აფხაზეთიდან იწვევდნენ რუსულ ჯარში, მაგრამ ამ დროისთვის მე არ ვიცი, იქ რა ხდება ამ თვალსაზრისით და, შესაბამისად, არ შემიძლია კონკრეტულად გითხრათ, რამდენი ადამიანია გაწვეული“, – აღნიშნა ტოივო კლაარმა.