ტოდ რობინსონი - „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი ეფუძნება რუსეთის და არა საქართველოს ინტერესებს, საქართველოს მოქალაქეებიც მიიჩნევენ, რომ ეს არ არის კარგი კანონი
ტოდ რობინსონი - „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი ეფუძნება რუსეთის და არა საქართველოს ინტერესებს, საქართველოს მოქალაქეებიც მიიჩნევენ, რომ ეს არ არის კარგი კანონი

კანონი ეფუძნება რუსეთის და არა საქართველოს ინტერესებს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ტოდ რობინსონმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ტოდ რობინსონმა აღნიშნა, საქართველოს ინტერესები გამოხატულია ევროინტეგრაციაში და ევროინტეგრაციულ მისწრაფებებში.

„ცხადია, ეს კანონი ეფუძნება რუსეთის ინტერესებს და არ ეფუძნება საქართველოს ინტერესებს. საქართველოს ინტერესები გამოხატულია ევროინტეგრაციაში და ევროინტეგრაციულ მისწრაფებებში. კანონი ნამდვილად ხელს არ უწყობს ამ მისწრაფებებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არ არის კარგი კანონი. რაც უფრო მნიშვნელოვანია, საქართველოს მოქალაქეებიც მიიჩნევენ, რომ არ არის ეს კანონი კარგი. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს პარტნიორებთან საქართველოს მთავრობაში იმის უზრუნველსაყოფად, რომ ჩვენ ვმუშაობთ იმ პრიორიტეტებზე, რაც არის საქართველოს ევროინტეგრაცია“, – განაცხადა ტოდ რობინსონმა.

კითხვაზე, „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული ერთ-ერთი კანონპროექტი არის ამერიკული FARA-ს თარგმანი, რობინსონმა აღნიშნა: „მე არ შევდივარ პროექტის დეტალებში. რაც ვიცი, არის ის, რომ ეს არ იმუშავებს საქართველოსთვის. არ იმუშავებს იმ მიმართულებით, რაც ქართველებს სურთ და ეს არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ჩვენ გეხმარებით, აქ ვართ საქართველოს მისწრაფებების დასახმარებლად, ეს არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ეს არის ის, რისი მიმართულებითაც გავაგრძელებთ მუშაობას“.