კიუშუ ბაშოს მეხუთე დღეს ქართველი სეკიტორი, ლევან გორგაძე, პირველ მაეგაშირა ჰოკუტოფუჯის დაუპირისპირდა. ამ შეხვედრამდე იაპონელის ანგარიშზე ორი გამარჯვება და ამდენივე მარცხი იყო. ორი სუმოისტი ერთმანეთს აქამდე ორჯერ შეხვედროდა და ორივე დაპირისპირება ქართველმა მოიგო.
ორთაბრძოლა დაძაბული გამოდგა. იაპონელმა ლევანს კარგად შეუტია. ტოჩინოშინმა პირველი მიძალების მოგერიება მოახერხა, მაგრამ მეტოქის მორიგ შეტევას ვეღარ გაუძლო და დოჰიო დატოვა.
ხუთი დღის შემდეგ ლევან გორგაძის ანგარიშზე სამი გამარჯვება და ორი მარცხია. ხვალ ქართველი ჩემპიონის მეტოქე შოდაი იქნება, რომელიც ლევანისთვის უხერხული მეტოქეა. ბოლო სამი შეხვედრიდან ქართველმა ერთხელაც ვერ მოახერხა მისი დამარცხება.
საგულისხმოა, რომ ტურნირზე მოასპარეზე ერთადერთი იოკოძუნა, იაპონელი კისენოსატო, კიუჯოზე გავიდა და ბაშოს, ტრავმის გამო, საკუთარი ინიციატივით გამოეთიშა, რაც იმას ნიშნავს, რომ სავარაუდოდ კარიერის დასრულება მოუწევს. შეგახსენებთ, რომ მან სუპერ ტურნირის პირველი ოთხი დღის მანძილზე ვერც ერთი ბრძოლის მოგება ვერ მოახერხა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ბაშოს მეხუთე დღეს დამარცხდა სამივე ოძეკი – ტოჩინოშინი, გოიედო და ტაკაიასო. კიუშუ ბაშოს ხუთიდან ხუთი მოგებით ორი რიკიში – კომოსუბი ტაკაკეიშო და ლევანის თანაკლუბელი ტოჩიოძანი ლიდერობენ.