ტიტუს კორლეციანი - რუმინეთი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფების მტკიცე მხარდამჭერია, იმედია, გაიხსნება გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები
ჩვენს პარლამენტებს მუდმივი დიალოგი გვაქვს, რადგან რუმინეთსა და საქართველოს აქვთ მტკიცე ურთიერთობები, სტრატეგიული პარტნიორობა, – ამის შესახებ რუმინეთის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ტიტუს კორლეციანმა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
კორლეციანის თქმით, რუმინეთი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფების მტკიცე მხარდამჭერია.
„გასულ წელს, ვიდრე ევროკავშირი გადაწყვეტილებას მიიღებდა, ჩვენმა კომიტეტმა დააინიცირა და პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებდა სახელმწიფოებს, საქართველოსთვის სტატუსი მიენიჭებინათ. ეს პოზიტიური გადაწყვეტილება ახლა პოზიტიურად ცვლის დინამიკას. ახლა ევროკომისიის რეკომენდაციებზე მუშაობა მიმდინარეობს და იმედი გვაქვს, რომ საქართველოსთან გაიხსნება გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რუმინეთი, საექსპერტო დონეზე თუ თავისი პოლიტიკური კავშირებით, გააგრძელებს საქართველოს აქტიურ მხარდაჭერას. ასევე, ვისაუბრეთ, რომ მეტი უნდა ვიმუშაოთ ეკონომიკურ ურთიერთობებზე, განსაკუთრებით ისეთ პროექტებზე, რომლებიც უკვე არის ჩვენი მთავრობების დღის წესრიგში, ეს შეეხება როგორც ტრანსპორტის სფეროს, ისე შავი ზღვის ენერგო და ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელს. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რაც კიდევ უფრო გაზრდის საქართველოს ურთიერთდაკავშირებადობას ევროკავშირთან“, – განაცხადა კორლეციანმა.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, რომელსაც ნიკოლოზ სამხარაძე ხელმძღვანელობს, რუმინეთში ვიზიტით იმყოფება.