ტიტუს კორლატეანი - რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში უკანონო ბორდერიზაციის გაძლიერება საერთაშორისო რეაგირების საკითხია
გვაქვს უცვლელი პოზიცია როგორც ევროსაბჭოს, ისე წევრი სახელმწიფოების დონეზე, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას, – ამის შესახებ ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებელმა, ტიტუს კორლატეანმა განაცხადა.
„ჩვენ შეშფოთებით მოვისმინეთ ცხინვალში რუსეთის ხელისუფლების ახალი უკანონო ქმედებების შესახებ, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში ბორდერიზაციის გაძლიერებას ცდილობს. ჩვენ გვაქვს უცვლელი პოზიცია როგორც ევროსაბჭოს, ისე წევრი სახელმწიფოების დონეზე, მათ შორის ჩემს სამშობლო რუმინეთში, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას და რომ რუსეთმა პატივი უნდა სცეს ცეცხლის შეწყვეტის 2008 წლის შეთანხმებას, საერთაშორისო ვალდებულებებსა და საერთაშორისო სამართალს“, – აღნიშნა ტიტუს კორლატეანმა.
ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლის თქმით, რუსეთის ქმედებები არის საერთაშორისო რეაგირების საკითხი. მისივე თქმით, როგორც მომხსენებელი, კერსტინ ლუნდგრენთან ერთად, მოამზადებს ანგარიშს ევროსაბჭოსთვის, ასევე საპარლამენტო ასამბლეისთვის.
„როგორც იცით, ევროპულ სახელმწიფოებს წვლილი შეაქვთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში. რუმინეთს ჰყავს თავისი კონტინგენტი ამ მისიაში. ასე რომ, ჩვენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასთან დაკავშირებით მუდმივი პოზიცია გვაქვს“, – განაცხადა ტიტუს კორლატეანმა.