თითქმის გადაწყვეტილია, რომ ტოკიოს ოლიმპიადას უცხოელი გულშემატკივრები არ დაესწრებიან #1TVSPORT
იაპონიის მთავრობა არ აპირებს ტოკიოს ოლიმპიადაზე უცხოელი გულშემატკივრების მიწვევას. ამის შესახებ ოთხშაბათს დაწერა სააგენტო Kyodo-მ.
წყაროს ცნობით, ეს თითქმის ოფიციალური ინფორმაციაა და მის შესახებ მომავალ კვირას გამოაცხადებენ, როცა გაიმართება ერთობლივი შეხვედრა იაპონიის მთავრობას, ტოკიოს მთავრობას, თამაშების საორგანიზაციო კომიტეტსა და საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს შორის.
დღეისთვის, იაპონიაში ყველა ქვეყნის მოქალაქეებისთვის მოქმედებს ფაქტობრივი აკრძალვა ვიზების გაცემაზე, რაც უკავშირდება დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი შტამის აღმოჩენას. ეს აკრძალვა ძალაში გასული წლის 28 დეკემბერს შევიდა.
გამოკითხვის თანახმად, რომელიც წამყვანმა იაპონურმა გაზეთმა Yomiuri-მ ჩაატარა, იაპონელთა 90 პროცენტს მიაჩნია, რომ მომავალი ოლიმპიადა ცარიელი ტრიბუნების თანხლებით ან მაყურებლის მინიმალური რაოდენობით უნდა ჩატარდეს.
ტოკიოს ოლიმპიადა 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე გაიმართება.