ტოჩინოშინს პრესტიჟული ოძეკის წოდება მიანიჭეს​ [ვიდეო]

ქართველ სუმოისტ ტოჩინოშინს, იგივე ლევან გორგაძეს ოძეკის ტიტული ოფიციალურად მიანიჭეს, რაც სპორტის ამ სახეობაში მნიშვნელობით მეორე წოდებაა. გორგაძე მესამე ევროპელი და პირველი ქართველია, ვისაც ეს წოდება მიენიჭა.

იაპონიის სუმოს ასოციაციამ ტოჩინოშინისთვის რანგის მომატების შესახებ გადაწყვეტილება რამდენიმედღიანი მსჯელობის შემდეგ მიიღო. ოფიციალურ ცერემონიას თავად სუმოისტი და მისი მწვრთნელი, კასუგანო ესწრებოდნენ.

ლევან გორგაძემ ასოციაციის წევრებს განუცხადა, რომ მოკრძალებით იღებს ამ ტიტულს და განაგრძობს მუშაობას, რათა სხვა სუმოისტებისთვის მაგალითად იქცეს.

გასულ კვირას დასრულებულ ტურნირზე ტოჩინოშინმა თხუთმეტიდან ცამეტი ბრძოლა მოიგო. გარდა ამისა, ბოლო სამ ტურნირზე მას 37 გამარჯვება დაუგროვდა, ტიტულის მოსამატებლად კი 33 მოგებაც საკმარისი იყო.

ოძეკის ტიტულის მფლობელი ევროპელები ასევე არიან ბულგარელი კოტოოშუ და ესტონელი ბარუტო.