თინათინ სტამბოლიშვილი - პარტიები ძირითადად, თავიანთ ამომრჩეველზე მუშაობენ და მათი კამპანიის მთავარი ადრესატი, გადაუწყვეტელი ამომრჩეველი განზე რჩება
პარტიები ძირითადად, თავიანთ ამომრჩეველზე მუშაობენ და მათი კამპანიის მთავარი ადრესატი, გადაუწყვეტელი ამომრჩეველი განზე რჩება, – განაცხადა GIPA-ს ასოცირებულმა პროფესორმა, თინათინ სტამბოლიშვილმა, საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას
„ეს მაშინ, როდესაც თავიანთი ამომრჩეველი ისედაც და ასედაც, მთავარ ყურადღებას აქცევს იმას, ვისაც ემხრობა. პარტიების კამპანიის მთავარი ადრესატი, გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ასე ვთქვათ, განზე რჩება. ანუ, კამპანიით ისევ და ისევ თავიანთი მომხრეების მობილიზება ხდება და ამას აკეთებენ მათთან აფელირებული მედიასაშუალებები. იმიტომ, რომ მედიის გარეშე ამ დონის გავლენის მიღწევა, რა თქმა უნდა, შეუძლებელია. ეს იწვევს კიდევ უფრო მეტ პოლარიზაციას. ჯერჯერობით, არ ჩანს სულისკვეთება, რომელიც პოლარიზებას არ გამოიწვევდა და გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ყურადღებას მიიქცევდა. არ ვიცი, შეიძლება, კამპანიები გახურდეს. ამისთვის კიდევ არის დრო“, – განაცხადა სტამბოლიშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა უფრო მნიშვნელოვანია ქართველი ამომრჩევლისთვის, პარტიის ლიდერი, პროგრამა თუ დაპირება, თინათინ სტამბოლიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში პროგრამით ძალიან ცოტა ამომრჩეველი იღებს გადაწყვეტილებას.
„ცნობადობა ერთ-ერთი გადამწყვეტია. იმიტომ, რომ ის რაღაც მშობლიურის და ნაცნობობის ეფექტი ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია ნდობის ფაქტორი და ასევე, მნიშვნელოვანია, მოგწონს თუ არა ადამიანი გარეგნობით. არა ის, რომ ლამაზია, ან ჰოლივუდის ვარსკვლავია და ასე შემდეგ, არამედ რა არის ეს ქვეცნობიერი, გნებავთ, ემოციური კონტაქტი, რომელიც შეიძლება, კანდიდატის მიმართ გაჩნდეს“, – განაცხადა თინათინ სტამბოლიშვილმა.