თინათინ რუხაძე - ვეცდები, სფეროში, რომელშიც 35 წელია, დაუღალავად ვმუშაობ, სიკეთე მოვუტანო იმ ხალხს, რომელსაც ჩვენი ქვეყნის სახელი მსოფლიოში გააქვს
ვეცდები, სფეროში, რომელშიც 35 წელია, დაუღალავად ვმუშაობ, სიკეთე მოვუტანო იმ ხალხს, რომელსაც ჩვენი ქვეყნის სახელი მსოფლიოში გააქვს, – ამის შესახებ კულტურისა და სპორტის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, კულტურა და სპორტი საქართველოსთვის ლოკომოტივივით გამწევი ძალაა.
„მოგესალმებით, მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მთელ გუნდს, ვინც ეს შემოთავაზება დღეს გაგვიკეთა. ჩვენ ვისაუბრეთ, გვაქვს ხედვები, ვფიქრობ, ვთანხმდებით, რომ როგორც სპორტი, ისე კულტურა ამ ქვეყნისთვის არის ნამდვილად ლოკომოტივივით გამწევი ძალა. ასეთი გუნდისგან და ასეთი, ჩემთვის პატივსაცემი პრემიერისგან, ნამდვილად ღირსეული შემოთავაზება იყო.
ვეცდები, სფეროში, რომელშიც 35 წელია დაუღალავად, დილიდან საღამომდე, როგორც მუსიკოსი და კულტურის დარგის მენეჯერი, ვმუშაობ, ძალიან ბევრი სასიკეთო მოვუტანო იმ ხალხს, რომელსაც ჩვენი ქვეყნის სახელი, როგორც კულტურაში ისე სპორტში, მსოფლიოში გააქვს. ისინი ძალიან ღირსეულად და ამაყად ატარებენ საქართველოს სახელს. მადლობა ყველას ნდობისთვის, იმედი მაქვს, რომ კულტურისა და, დროებით, სპორტის სფერო გვენდობა. დავიწყებთ სწორ კომუნიკაციას, რათა უპირველესად საქმე გავაკეთოთ და საქმე წინ წავიყვანოთ“, – აღნიშნა რუხაძემ.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თინათინ რუხაძე დღეს კულტურისა და სპორტის მინისტრად წარადგინა, ხოლო მის პირველ მოადგილედ შალვა გოგოლაძე დაასახელა. ამასთან, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კულტურისა და სპორტის სამინისტრო გაიყოფა, გოგოლაძე კი სპორტის მინისტრის თანამდებობას დაიკავებს.