თინათინ ბოკუჩავა - მედიით გავრცელებულ ფოტოზე პროკურატურამ გამოძიება უნდა დაიწყოს
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თინათინ ბოკუჩავას განცხადებით, მედიით გავრცელებულ ფოტოზე, რომელზეც ვასილ მაღლაფერიძე, კახა ბექაური, მაკო ბიგვავა და ლაშა ნაცვლიშვილი კაფეში არიან დაფიქსირებული, პროკურატურამ გამოძიება უნდა დაიწყოს.
ბოკუჩავას თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების შერჩევაში უკანონო ჩარევა სრულიად მიუღებელია.
„ბოლო ფოტომასალა, რაც ვასილ მაღლაფერიძესა და ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლებს შორის კონსულტაციებთან დაკავშირებით გავრცელდა, ასეთი ტიპის უკანონო ჩარევა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრების შერჩევაში, არის სრულიად მიუღებელი. მე ვფიქრობ, რომ საზოგადოების პასუხი ამაზე უნდა იყოს სწორედ ისეთი ტიპის აქტიურობა და სწორედ ისეთი ტიპის ერთიანობა, რაც დღევანდელმა დღემაც კიდევ ერთხელ დაადასტურა იმით, რომ თერთმეტმა პოლიტიკურმა პარტიამ დააფიქსირა ერთობლივი და ძალიან კრიტიკული პოზიცია“, – განაცხადა ბოკუჩავამ.
შეკითხვაზე, არის თუ არა უფრო სანდო ერთი ადამიანის მონათხრობი, ვიდრე ოთხი ადამიანის ნათქვამი, ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ ეს ოთხი ადამიანი დაინტერესებული პირია.
„განსხვავება ამ ოთხ ადამიანსა და იმ ერთ ადამიანს შორის არის ის, რომ ეს ოთხი ადამიანი დაინტერესებული პირები არიან. შესაბამისად, რა თქმა უნდა, მათგან შესაძლებელია ობიექტური ინფორმაციის მოსმენა უფრო რთული იყოს, ვიდრე ადამიანისგან, რომელიც არ არის კონკრეტულად დაინტერესებული. თუმცა, როგორც მინიმუმ, პროკურატურამ ასეთ შემთხვევებში უნდა დაიწყოს გამოძიება, რასაც ჩვენ არ ვხედავთ“, – აღნიშნა თინათინ ბოკუჩავამ.