თინათინ ბერძენიშვილმა ქუთაისში, საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის გამარჯვებულები დააჯილდოვა
ქუთაისმა საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალს უმასპინძლა. ფესტივალი წელს მეორედ გაიმართა. ფესტივალის ფარგლებში, რომელიც 24 სექტემბერს გაიხსნა და დღეს დასრულდა, ქართული და უცხოური ფილმების ნახვა იყო შესაძლებელი. მოეწყო ფილმების რეტროსპექტიული ჩვენებები და ჩატარდა მასტერკლასები, ასევე, გამოვლინდნენ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები.
საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში გაიმარჯვა სანდრო სულაძემ ფილმისთვის „გუშაგები“, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამონაწილეობით შეიქმნა. საუკეთესო ფილმის ნომინაციაში ესპანურმა ნამუშევარმა „ვერ მოვასწარი მისი შეყვარება“ გაიმარჯვა. საუკეთესო დოკუმენტური ფილმი გახდა „არავინ და ლურჯი ცა“ (გერმანული ნამუშევარი). კინოკრიტიკოსების ჯილდო ერგო ფილმს „ფუტკრის დაცემა“.
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გამარჯვებული პროექტებისთვის დააწესა ფულადი ჯილდო – 5 000 ლარი, რომელიც გრიგოლ ჯანაშიას და თინა ლაღიძეს საუკეთესო სცენარის ავტორობისთვის გადაეცათ.
გამარჯვებულებს ფულადი ჯილდო საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა გადასცა. როგორც თინათინ ბერძენიშვილმა აღნიშნა, საქართველოს პირველი არხი არის რეჟისორების, პროდიუსერების, ამ ინდუსტრიაში დასაქმებული ყველა ადამიანის გვერდით.
„ვულოცავ ფესტივალს. ახალგაზრდა ფესტივალია, მაგრამ ძალიან მიხარია, რომ პროგრესირებს. ძალიან ბევრ სტუმარს მასპინძლობდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქუთაისში ყოფნა, რადგან ძალიან სიმბოლურია ქართული კინოსთვის ქუთაისში ამ ფესტივალის არსებობა. განსაკუთრებით მოკლემეტრაჟიანი ფილმები, როდესაც სადებიუტო ნამუშევარია ავტორისთვის და მისი ცხოვრება აბსოლუტურად სხვანაირად უნდა განვითარდეს.
სწორედ ამიტომ არის აქ პირველი არხი. ის არის რეჟისორების, პროდიუსერების და ამ ინდუსტრიაში დასაქმებული ყველა ადამიანის გვერდით. გარდა ფინანსური კონტრიბუციისა, ჩვენ მორალურადაც მაქსიმალურად ვეხმარებით ამ ინდუსტრიას, რადგან ჩვენი გადაწყვეტილებაა და ძალიან დიდი სურვილია, რომ პირველი არხი იყოს იქ, სადაც არის ქართული კინო, მაგალითად, ისევე, როგორც ქართული სპორტი. ფესტივალს კი ვუსურვებთ წარმატებებს. ჩვენი არხი მხოლოდ ამ ერთი კვირით არ შემოიფარგლება, ფესტივალზე მიღწეულ წარმატებებს ის ზედმიწევნით გააშუქებს და ჩვენს მაყურებელს შესთავაზებს“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.
ფესტივალზე წარმოდგენილი იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ დაფინანსებული და წარმოებული ფილმები.