თინათინ ბერძენიშვილმა ქალაქ ბონში კონსტრუქციული ჟურნალისტიკის გლობალურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა ქალაქ ბონში კონსტრუქციული ჟურნალისტიკის მეოთხე გლობალურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
პანელზე – „რატომ ირჩევენ მედიალიდერები კონსტრუქციულ ჟურნალისტიკას, როგორც სარედაქციო სტრატეგიას“ განიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა: პოლარიზაცია, როგორც მორიგი პანდემია; დემოკრატიის, მედიისა და პოლიტიკის მიმართ ნდობის შემცირების პირობებში ახალი ამბების გაშუქების თავიდან გააზრება. ასევე, დაისვა კითხვები, როგორ გავაშუქოთ ომი და კონფლიქტი კონსტრუქციულად.
თინათინ ბერძენიშვილთან ერთად, პანელში მონაწილეობა მიიღეს დანიის ტელევიზიის დირექტორმა, აღმასრულებელმა რედაქტორმა და „დოიჩე ველეს“ აზიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.
„ჩვენს სოციუმში, ასევე მედიაში არის პოლარიზაციის მაღალი დონე. კითხვა არის, მოგვწონს თუ არა ის ყველაფერი, რაც ხდება? ცხადია, არა. ჩვენ ეს არ მოგვწონს. ჩვენ არ მოგვწონს, რომ არ ვართ უკეთესები და უნდა შევიცვალოთ. როგორ შევიცვალოთ? ჩვენ დავიწყეთ სხვადასხვა გამოსავლის ძებნა. შთაგვაგონა ულრიკ ჰააგერუპის წიგნმა, რომელიც მთელი გუნდისთვის იყო ძალიან საინტერესო. ჩვენ ის ძალიან მალე ვთარგმნეთ და ჩვენს ნიუსრუმში პრეზენტაცია მოვაწყვეთ. ჩვენ სხვადასხვა მიმართულების ჟურნალისტები გავაერთიანეთ, თუმცა ახლა ყველა აცნობიერებს, რომ ეს ერთი სივრცეა და ყველას გვსურს, ვიყოთ კონსტრუქციულები“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.
შეგახსენებთ, რამდენიმე თვეა, საქართველოს პირველი არხი ახალი ამბების გაშუქების ახალ და ევროპის წამყვან ქვეყნებში უკვე დამკვიდრებულ სტანდარტს – კონსტრუქციულ ჟურნალისტიკას ნერგავს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის 11-მა ჟურნალისტმა უკვე გაიარა კურსი დანიაში, ორჰუსის უნივერსიტეტის კონსტრუქციული ჟურნალისტიკის ინსტიტუტში. გადამზადების პროცესი 2022 წლის სექტემბერში გაგრძელდება.