თინათინ ბერძენიშვილმა გიორგი კალანდარიშვილთან სამუშაო შეხვედრა გამართა
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან, გიორგი კალანდარიშვილთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს პირველი არხის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის ხელმძღვანელი გიორგი გვიმრაძე.
სამუშაო შეხვედრის მთავარი თემა ამომრჩევლის ინფორმირება იყო. ცესკო-ს თავმჯდომარემ საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლებს საარჩევნო ადმინისტრაციაში განხორციელებული რეფორმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, რომელიც 2024 წლის ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს ეხება. საუბარია ხმის მიცემის ახალ სისტემაზე, რომლის მიხედვითაც, მომდევნო საპარლამენტო არჩევნები სრულად ელექტრონული წესით ჩატარდება.
პირველი არხის გენერალური დირექტორის, თინათინ ბერძენიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია მოსახლეობის ინფორმირება 2024 წლის არჩევნებისთვის საარჩევნო სისტემაში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ.
„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. რეფორმის შედეგად, 2024 წელს სახეცვლილი არჩევნები გველოდება და მნიშვნელოვანია, ჩვენი მოსახლეობა იყოს ინფორმირებული, ელექტრონული წესით არჩევნებში როგორ მიიღებს მონაწილეობას. ამიტომ, ვფიქრობ, დროულია, რომ უკვე დავიწყოთ ამაზე საუბარი. საზოგადოებრივ მაუწყებელს განსაკუთრებულად აქვს ვალდებულება, დემოკრატიულ პროცესს შეუწყოს ხელი, ამიტომ ვისაუბრეთ, რა შეიძლება გაკეთდეს. საზოგადოებრივი მაუწყებელი მზად არის, თითოეულ მოქალაქეს მიაწვდინოს ხმა“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.
გიორგი კალანდარიშვილის თქმით, საარჩევნო რეფორმის ეფექტიანი აღსრულება ინფორმირებულ ამომრჩეველზე გადის.
„ასეთი მასშტაბური ტექნოლოგიური ინტერვენცია, ცხადია, საზოგადოების ინფორმირებას მოითხოვს ყველა იმ მნიშვნელოვან და თანმდევ საკითხთან დაკავშირებით, რომლებიც უკავშირდება 2024 წლის ოქტომბერში გასამართ საპარლამენტო არჩევნებს. შესაბამისად, საზოგადოებრივ მაუწყებელთან და, ზოგადად, მედიასთან მჭიდრო თანამშრომლობა ამომრჩევლების ინტენსიური ინფორმირებულობის მიზნით, გახლავთ ერთ-ერთი საკვანძო და პრიორიტეტული საკითხი, რომელიც დღეს საარჩევნო ადმინისტრაციის დღის წესრიგში დგას. ამ მიმართულებით ჩვენ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობასთან გვქონდა სამუშაო შეხვედრა თანამშრომლობის ყველა იმ შესაძლო საკითხთან დაკავშირებით, რაც ამ მიზნით მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ამომრჩევლთა და, ზოგადად, ჩართული მხარეების ინფორმირებას“, – აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.