თინათინ ბერძენიშვილმა აზერბაიჯანულ და სომხურენოვანი სკოლების მოსწავლეთა ოლიმპიადის, „ჩვენი ქართული ენა“ გამარჯვებულები დააჯილდოვა

საქართველოს პირველმა არხმა აზერბაიჯანულ და სომხურენოვანი სკოლების მოსწავლეთა ოლიმპიადის, „ჩვენი ქართული ენა“ გამარჯვებულები დააჯილდოვა.

პირველ ადგილზე გასულ მარიამ ჩირაგოვას ჯილდო პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა გადასცა. ასევე დაჯილდოვდნენ მეორე და მესამე ადგილებზე გასული რიმა ალიევა და სონა ხაჩატრიანი.

როგორც თინათინ ბერძენიშვილმა განაცხადა, პროექტით საკმაოდ ბევრი მოსწავლე დაინტერესდა. ოლიმპიადაში მონაწილეობა 250-მა მოსწავლემ მიიღო, რომელთაგანაც დღეს სამი გამარჯვებული გამოვლინდა.

პროექტი „ჩვენი ქართული ენა“ ქართული ენის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად, იმ რეგიონში, სადაც ჩვენი თანამოქალაქე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები ცხოვრობენ. პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით ტარდება.

„პროექტს რამდენიმე წელია, ვახორციელებთ, ამისთვის დიდ მადლობას ვუხდით ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, რომელიც გვეხმარება, რომ პროექტი გახდეს მრავალფეროვანი. წელს გვქონდა საკმაოდ დიდი აქტივობა, 250 აპლიკანტი მონაწილეობდა, გვყავს სამი გამარჯვებული, ერთ-ერთი ჩამოვიდა თბილისში, პირველი არხის შენობა დაათვალიერა და პირობა მოგვცა, რომ ჩვენი მაყურებელი იქნება. რაც შეეხება პროექტის მნიშვნელობას, ვფიქრობ, ის დაეხმარება მომავალ თაობას უფრო მეტად იყვნენ თამამები, მეტად სწავლულები და საზოგადოების ცხოვრებაში მეტად აქტიურად ჩართულები“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.