თინათინ ბერძენიშვილი - ვულოცავ საქართველოს საბავშვო ევროვიზიაზე გამარჯვებას, ანდრიამ მთელი ქვეყანა ასახელა, მზად ვართ, ევროვიზიას საქართველომ უმასპინძლოს
თინათინ ბერძენიშვილი - ვულოცავ საქართველოს საბავშვო ევროვიზიაზე გამარჯვებას, ანდრიამ მთელი ქვეყანა ასახელა, მზად ვართ, ევროვიზიას საქართველომ უმასპინძლოს

ვულოცავ საქართველოს ევროვიზიაზე გამარჯვებას, ანდრიამ სიმღერა საუკეთესოდ შეასრულა, მთელი ქვეყანა ასახელა, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველომ ძალიან მაღალი ქულები მიიღო და ეს დამსახურებული გამარჯვებაა.

„ყველა ქვეყანამ, სადაც მაღალი მუსიკალური კულტურაა, 12 ქულა დაგვიწერა. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ასევე მაყურებლის ხმა, ძალიან მაღალი ქულები მივიღეთ მთელი ევროპიდან, დამსახურებული გამარჯვებაა. საქართველო მუსიკალური ქვეყანაა, სადაც ეს კულტურა მაღალ მწვერვალზეა აყვანილი. ანდრიამ სიმღერა საუკეთესოდ შეასრულა, მთელი ქვეყანა ასახელა. ვულოცავ ამ წარმატებას მთელ საქართველოს“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.

მისი თქმით, ევროვიზიისთვის მზადება რთული პროცესია და ანდრია ფუტკარაძე საკითხს დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდა.

„ერთი ევროვიზია როდესაც მთავრდება, იწყება მზადება მომდევნო ევროვიზიისთვის, ეს ძალიან რთული პროცესია. „რანინა“ გვეხმარება, რომ საუკეთესო ბავშვები შევარჩიოთ, თუმცა ხშირად ბევრი ტალანტია და გვიჭირს არჩევა. სიმღერის ავტორმა, გიგა კუხიანიძემ ევროვიზიის კონკურსი მეოთხედ მოიგო. ძალიან მიხარია, რომ საქართველომ კიდევ ერთხელ კარგი მუსიკით გაიმარჯვა. ანდრია საკითხს ძალიან დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდა. ხმას უფრთხილდებოდა, რომ თავისი ქვეყანა ღირსეულად წარმოეჩინა. დანარჩენი მაყურებელმა ეთერში ნახა. მართლა დაუჯერებელი იყო, 12-ჯერ მოგვცეს 12 ქულა, ეს ძალიან ემოციური იყო“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.

როგორც თინათინ ბერძენიშვილმა აღნიშნა, კარგ მომღერალს, ძალიან კარგ ნომერს და საქართველოს მხარი მთელმა ევროპამ დაუჭირა.

„პატარა ქვეყანა ვართ, დიდი დიასპორა არ გვყავს, მაგრამ მოხდა საოცრება, ვფიქრობ, მთელმა ევროპამ დაუჭირა მხარი კარგ მომღერალს, ძალიან კარგ ნომერს და ჩვენს ქვეყანას, საქართველოს. აქედან მივდივართ ევროპის მაუწყებელთა კავშირთან შეხვედრაზე, მოვილაპარაკებთ, რა და როგორ მოხდება, თუმცა მზად ვართ, ვუმასპინძლოთ საბავშვო ევროვიზიას ჩვენს ქვეყანაში“,- განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.