თინათინ ბერძენიშვილი - ვფიქრობთ, სექტემბერში პირველი არხის მაყურებელი Walt Disney-ის პროდუქციას ყველაზე მაღალი ხარისხის გახმოვანებით ნახავს
16:15, 26.03.2021
Walt Disney-ს ანიმაციური ფილმების გახმოვანების კონკურსში ორმა კომპანიამ გაიმარჯვა. საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი ორივე კომპანიის წარმომადგენელს დღეს ტელევიზიის შენობაში შეხვდა.
როგორც თინათინ ბერძენიშვილმა აღნიშნა, სექტემბერში პირველი არხის მაყურებელი ყველაზე მაღალი ხარისხის გახმოვანებითა და დუბლირებით ნახავს Walt Disney-სპროდუქციას.
„ჩვენს ორგანიზაციაში გახმოვანების გამორჩეული ჯგუფი გვყავს, თუმცა ამ შემთხვევაში ინდუსტრიას მივეცით საშუალება, დაინტერესებულიყო და განცხადებებიც შემოეტანა. Walt Disney-ს ფილმებზე მუშაობა, გახმოვანება და სიმღერების ქართული ანალოგების შექმნა ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა. ამაყი ვარ, რომ გაიმარჯვა ორმა კომპანიამ, რომლებთანაც ვითანამშრომლებთ. ვფიქრობთ, სექტემბერში პირველი არხის მაყურებელი ყველაზე მაღალი ხარისხის გახმოვანებითა და დუბლირებით ნახავს ამ პროდუქციას“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.
როგორც „ფონოგრაფის“ ხელმძღვანელმა პაატა გოძიაშვილმა აღნიშნა, „დისნეის“ ანიმაციური პროდუქტი იმდენად სრულყოფილია, რომ ჩვენთვის რთული ამოცანაა და გარკვეულწილად გამოწვევაც არის ამ პროექტზე მუშაობა.
„დისნეის“ ანიმაციური პროდუქტი იმდენად სრულყოფილია, რომ ჩვენთვის საკმაოდ რთული ამოცანაა და გარკვეულწილად ეს გამოწვევაც არის, თუმცა გარკვეული სიამაყის გრძნობასაც გვიჩენს. იმედია, პროდუქტი ძალიან კარგი გამოგვივა, მოგვცემს სიამაყის საშუალებას და საბოლოოდ, მაინც მაყურებელი მოიგებს. მით უმეტეს, ის მგრძნობიარე სეგმენტი, როგორიც არის ბავშვები და მოზარდები. მათ ჩამოუყალიბდებათ გემოვნება, შეეჩვევიან კარგ ხარისხს და რაც ყველაზე სასიხარულოა, აღარ დაუშვებენ ბაზარზე დაბალი ხარისხის პროდუქციის გამოჩენას“, – განაცხადა გოძიაშვილმა.
როგორც „ბრავო რექორდსის“ ხელმძღვანელმა, ზაზა შენგელიამ აღნიშნა, „ბრავო რექორდსი“ ექსკლუზიურად საქართველოს კინოთეატრებისთვის აწარმოებს ფილმების დუბლიაჟს და აქვს საერთაშორისო სერტიფიკატი.
„ბრავო რექორდსი“ ექსკლუზიურად საქართველოს კინოთეატრებისთვის აწარმოებს ფილმების დუბლიაჟს უკვე სამი წელია და გვაქვს საერთაშორისო სერტიფიკატი, რომელიც ძალიან დიდ აღიარებას ნიშნავს. ჯანსაღი ამბიცია გვქონდა, შესაბამისი პირობების დაკმაყოფილების შეთავაზების შედეგად, გავიმარჯვეთ მაუწყებლის მიერ გამოცხადებულ კონკურსში და ვეცდებით, საუკეთესო ხარისხით გაკეთდეს ყველაფერი, რათა მაყურებელი დარჩეს კმაყოფილი“, – განაცხადა ზაზა შენგელიამ.