თინათინ ბერძენიშვილი - უკრაინის სოლიდარობის ნიშნად, პირველი არხის ორგანიზებით, გაიმართება მარათონი, რომელსაც რეალური შედეგი და ეფექტი უნდა ჰქონდეს, რაც უმნიშვნელოვანესია ამ რთულ დროს
უკრაინის სოლიდარობის ნიშნად, საქართველოს პირველი არხის ორგანიზებით, გაიმართება საქველმოქმედო მუსიკალური მარათონი, რომელსაც რეალური შედეგი და ეფექტი უნდა ჰქონდეს, რაც უმნიშვნელოვანესია ამ რთულ დროს, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გენერალურმა, თინათინ ბერძენიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქველმოქმედო მუსიკალური მარათონი – „ჩვენ უკრაინისთვის“ საქართველოს პირველი არხის ორგანიზებით, პირველ მარტს გაიმართება.
„საქველმოქმედო მარათონი – „ჩვენ უკრაინისთვის“ საქართველოს პირველი არხის ორგანიზებით, პირველ მარტს გაიმართება. ჩვენ უკრაინის საზოგადოებრივ მაუწყებელთან მჭიდრო თანამშრომლობა გვაკავშირებს და ეს სოლიდარობის აქტია, რომელსაც რეალური შედეგი და ეფექტი უნდა ჰქონდეს, რაც ვფიქრობ, უმნიშვნელოვანესია ამ რთულ დროს“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.
საქველმოქმედო მუსიკალურ მარათონს – „ჩვენ უკრაინისთვის“ საქართველოს პირველი არხი, წითელ ჯვართან ერთად გამართავს. მარათონი პირველ მარტს, საქართველოს პირველი არხის პირდაპირ ეთერში გავა და მასში ჩართვის შესაძლებლობა, SMS-ის საშუალებით, ან საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით, საზოგადოების ყველა წევრს ექნება.
საქველმოქმედო მუსიკალური მარათონი ევროპის მაუწყებელთა კავშირის წევრი მაუწყებლების ინიციატივაა და სტარტს პოლონეთის TVP-ს ეთერში ხვალ აიღებს – უკრაინის მხარდასაჭერად კონცერტი კარიტასთან ერთად გაიმართება. საქველმოქმედო მუსიკალურ მარათონს „ჩვენ უკრაინისთვის“ კი, სამშაბათს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
„ჩვენ უკრაინისთვის“ – საქველმოქმედო მუსიკალურ მარათონში ცნობილი ქართველი მომღერლები მიიღებენ მონაწილეობას, ასევე შესრულდება პოპულარული ეპიზოდები საქართველოს პირველი არხის მუსიკალური პროექტებიდან.