თინათინ ბერძენიშვილი - თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანა მზად არის საბავშვო ევროვიზიის მასპინძლობისთვის
ევროვიზია არის ძალიან კომპლექსური კონკურსი, განსაკუთრებით საბავშვო, რადგან უამრავი დისციპლინაა დასაცავი. ჩვენ ერთხელ უკვე მივიღეთ ეს გამოცდილება და აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ მეორედ კიდევ უფრო უკეთესად გავაკეთებთ, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა განაცხადა.
თინათინ ბერძენიშვილის თქმით, საქართველო მზად არის, უმასპინძლოს საბავშვო ევროვიზიას.
„გარკვეული ვადა იქნება აღებული, ჩვენ ჩვენი დავალება გვექნება, რაც უნდა შევასრულოთ დოკუმენტაციის სახით და შემდეგ დავიწყებთ დეტალებზე საუბარს, სად გაიმართება, როგორი იქნება და ა.შ. მოკლე ვადა დაგვჭირდება, რომ ყველაფერი იყოს მოწესრიგებული. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანა მზად არის ევროვიზიის მასპინძლობისთვის. მგონია და ეს ამბიცია გვაქვს, რომ დაუვიწყარ სანახაობას შევთავაზებთ, პირველ რიგში, ქართველ ბავშვებს. გვინდა, რომ ჩავრთოთ სკოლები, ყველა, ვისაც ქართული სიმღერა უყვარს. ვფიქრობ, დაგვჭირდება ყველა ჩვენგანის კონსოლიდაცია“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.
საქართველო საბავშვო ევროვიზია 2024-ის გამარჯვებულია. ანდრია ფუტკარაძემ 239 ქულით საქართველოს საბავშვო ევროვიზიაზე მეოთხე გამარჯვება მოუტანა. ამ შედეგით საქართველო კონკურსის რეკორდსმენია.