თინათინ ბერძენიშვილი - საზოგადოებრივი მაუწყებლის გაუქმებაზე განცხადებები შეიძლება აღქმული იყოს, როგორც დამოუკიდებელ მედიაზე თავდასხმა, მათ შორის, ჟურნალისტების დაშინების მცდელობა
თინათინ ბერძენიშვილი - საზოგადოებრივი მაუწყებლის გაუქმებაზე განცხადებები შეიძლება აღქმული იყოს, როგორც დამოუკიდებელ მედიაზე თავდასხმა, მათ შორის, ჟურნალისტების დაშინების მცდელობა

საზოგადოებრივი მაუწყებელი ყველაფერს გააკეთებს, რათა იყოს ვალდებული არა პოლიტიკური პარტიების, არამედ საზოგადოების წინაშე, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის გაუქმების შესახებ ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის განცხადებას.

„სამწუხაროა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს უწევს კომენტარის გაკეთება პოლიტიკოსების განცხადებაზე. საზოგადოებრივი მაუწყებელი აღიარებულია და არის ქვეყნის დემოკრატიის ქვაკუთხედი. ეს არის ევროპული მოდელი. ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ არჩევნები გავაშუქოთ მიუკერძოებლად, დაბალანსებულად და რაც მთავარია​პლურალისტურად, ამიტომ პოლიტიკოსების მხრიდან მსგავსი განცხადებები აზიანებს მედიაგარემოს და ვფიქრობ, აზარალებს დემოკრატიის მთავარ, ფუნდამენტურ პრინციპებს. ამიტომ ძალიან ფრთხილად ვიქნებოდი პოლიტიკოსების განცხადების კომენტირებისას და მათაც მოვუწოდებდი, რომ თავი შეიკავონ წინასაარჩევნო პერიოდში მსგავსი თავდასხმებისგან. ეს შეიძლება აღქმული იყოს, როგორც დამოუკიდებელ მედიაზე თავდასხმა, მათ შორის – ჟურნალისტების დაშინების მცდელობა.

მინდა, ვთხოვო ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, დააკვირდეს პროცესს და არ მისცეს საშუალება არც ერთ პოლიტიკურ ძალას, რომ არ მოხდეს ძირითადი ევროპული ღირებულების, ფუნდამენტური დემოკრატიული პრინციპების დანგრევის მცდელობა. საზოგადოებრივი მაუწყებელი ყველაფერს გააკეთებს, რათა იყოს ვალდებული არა პოლიტიკური პარტიების, არამედ საზოგადოების წინაშე. ეს არის ევროპული მოდელი, დემოკრატიის ქვაკუთხედი და ამას ყველამ პატივი უნდა ვცეთ“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.