თინათინ ბერძენიშვილი - საზოგადოებრივი მაუწყებელი იქნება მედიუმი, რათა ინფორმირებული არჩევანი ჰქონდეს ამომრჩეველს
საზოგადოებრივი მაუწყებელი იქნება მედიუმი, რათა ინფორმირებული არჩევანი ჰქონდეს ამომრჩეველს, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ თინათინ ბერძენიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, შენიშვნას, რომ პირველმა არხმა საპრეზიდენტო კანდიდატების დებატებისთვის ფორმალური გზა აირჩია, ვერ გაიზიარებს.
„შენიშვნას, რომ მაუწყებელმა საპრეზიდენტო კანდიდატების დებატებისთვის ფორმალური გზა აირჩია, ვერ გავიზიარებთ. საზოგადოებრივი მაუწყებელი მოქმედებს კანონის სრული დაცვით. უფრო მეტიც, მაუწყებელმა კვალიფიციური სუბიექტების გარდა, საეთერო დრო არაკვალიფიციურ სუბიექტებს დაუთმო, რასაც კანონი არ ავალდებულებს, მაგრამ კეთილი ნება გამოიჩინა.
ნებისმიერი პარტიის წარმომადგენელს, ნებისმიერ საპრეზიდენტო კანდიდატს, იქნება ეს არაკვალიფიციური თუ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი, დებატებში ჩართვის საშუალება მიეცათ და საზოგადოებრივი მაუწყებელი მზად არის, მათი დასტურის შემთხვევაში, ნებისმიერ დროს დაუთმოს ეთერი“, – აცხადებს ბერძენიშვილი.
მისივე თქმით, მნიშვნელობა არ აქვს კვალიფიციური კანდიდატია, თუ არაკვალიფიციური, პირველი არხი საშუალებას მისცემს, დებატები გამართონ ერთმანეთთან.
„სამი ვარიანტი გვქონდა შეთავაზებული, რადგან ვიცით, რომ ნებისმიერ დროს ჩნდება შეკითხვა. მე მგონი, ეს ის უპრეცედენტო შემთხვევაა, როდესაც შეკითხვა არ უნდა ჩნდებოდეს. დიახ, თუ ერთი კანდიდატი მეორეს გამოიწვევს, მნიშვნელობა არ აქვს კვალიფიციურია ის თუ არაკვალიფიციური, პირველი არხი მათ დაუთმობს ეთერს და საშუალებას მივცემთ დებატები გამართონ ერთმანეთთან. საზოგადოებრივი მაუწყებელი იქნება მედიუმი, რათა ინფორმირებული არჩევანი ჰქონდეს ამომრჩეველს“, – აცხადებს ბერძენიშვილი.
რაც შეეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ საპრეზიდენტო კანდიდატების დებატებში დაჯგუფებასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის ჩატარებას, ბერძენიშვილი აცხადებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ერთ თვეში ვერ შეძლებდა რაოდენობრივი კვლევის ჩატარებას და არც იხელმძღვანელებდა გარკვეული ტიპის ონლაინ გამოკითხვებით.
„რამდენი დრო გვაქვს დარჩენილი კვლევის ჩასატარებლად? რაოდენობრივი კვლევის ჩატარებას სჭირდება ძალიან დიდი დრო, ასევე კანონი საკმაოდ გამკაცრდა კვლევის ვალიდურობასთან მიმართებაში, ამაზე მარეგულირებელ კომისიასაც არაერთხელ ჰქონდა განცხადება. საზოგადოებრივი მაუწყებელი ერთ თვეში ვერ შეძლებდა რაოდენობრივი კვლევის ჩატარებას და არც იხელმძღვანელებდა გარკვეული ტიპის ონლაინ გამოკითხვებით, რაც ვფიქრობ, პირველი არხისთვის საკმაოდ არასერიოზულია. ეს მოდავების კიდევ უფრო მეტ საფუძველს მოგვცემდა, ამიტომ, ვფიქრობ, ეს შეკითხვაც არ უნდა დაისვას“, – აცხადებს ბერძენიშვილი.