თინათინ ბერძენიშვილი - საკანონმდებლო ცვლილებასთან დაკავშირებულ შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ მაუწყებლის დაფინანსების წესი უნდა გადაიხედოს, იყოს უფრო მდგრადი, რათა მაუწყებელმა არ დაკარგოს დამოუკიდებლობა, ამაზე გვაქვს სრული თანხმობა
შალვა პაპუაშვილსა და ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ მაუწყებლის დაფინანსების წესი, რომელიც იყო განხილული, უნდა გადაიხედოს და გახდეს უფრო მდგრადი, რათა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არ დაკარგოს დამოუკიდებლობა, ამაზე გვაქვს სრული თანხმობა, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა საკანონმდებლო ცვლილებასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო შეხვედრა იყო, დროულიც. ვისაუბრეთ და შევთანხმდით, რომ დაფინანსების წესი უნდა გადაიხედოს და იყოს უფრო მდგრადი, რათა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არ დაკარგოს დამოუკიდებლობა. ამაზე გვაქვს სრული თანხმობა.
ასევე, ვისაუბრეთ იმაზე, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლისა და ქვეყნისთვის ადეკვატური დაფინანსება არსებობდეს. სასაუბროა მოდელზე, რომლითაც შემდეგ საზოგადოებრივი მაუწყებელი გააგრძელებს ფუნქციონირებას. ჩვენთვის თავიდანვე ყურადსაღები იყო ის ფაქტი, რომ ფიქსირებული თანხა საზოგადოებრივ მაუწყებელს აიძულებდა, ყოველწლიურად ეთხოვა დამატებითი ბიუჯეტი. ეს მოდელი აღარ იქნება განხილული და გადავალთ ცვლადზე, რომელიც იქნება ადეკვატური დაფინანსების წყარო საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის.
შევთანხმდით იმაზეც, რომ, პირველ რიგში, დაცული იქნება ევროპის მაუწყებელთა კავშირის და, ზოგადად, ევროპის ზონაში არსებული წესები და რეგულაციები. სწორედ ამ სტანდარტზე დარჩება საზოგადოებრივი მაუწყებელი“,- განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.
საკანონმდებლო ცვლილებასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილსა და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს შეხვდნენ.