საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი აცხადებს, რომ საგაზაფხულო სეზონზე არხი მაყურებელს მრავალფეროვან, განახლებულ ეთერს შესთავაზებს.
„უკრაინაში ომის გამო, სამწუხაროდ, გაზაფხულის სეზონი ისეთი არ არის, როგორიც უნდა იყოს, გადავეწყვეთ ახალ რეალობაზე, ის, რაც გვქონდა დაგეგმილი, შეიცვალა და ეთერში გადაცემები ცოტა დაგვიანებით, სახეცვლილი შევა. თუმცა, ერთგულ მაყურებელს შევთავაზებთ განახლებულ, მრავალფეროვან საეთერო ბადეს. რა თქმა უნდა, უკრაინის თემა კვლავ აქტიურად რჩება ჩვენს ტელე და რადიოეთერებში, ასევე ონლაინ“, – აღნიშნა თინათინ ბერძენიშვილმა გადაცემა „დღის კოდში“ სტუმრობისას.
მისივე თქმით, პირველ არხზე გამორჩეულად დაიწყო „რანინა“, რომელსაც მაყურებელი ელოდებოდა.
„ამ რთულ პერიოდში, ბავშვების თემა უფრო მეტად გამძაფრებულია და არ შეიძლება, ემოციურად არ ვისაუბროთ. „რანინა“ დავიწყეთ პრომოთი, რომელმაც რეალურად გადმოსცა ის ემოცია, რომ ბავშვები მშვიდობაზე ოცნებობენ. ვფიქრობ, ეს გზავნილი ლაიტმოტივად გაჰყვება „რანინას“ ამ სეზონს.
„რანინას“ პრემიერა შაბათს შედგა, რომელშიც არაჩვეულებრივი ათეულია. ყველა ბავშვი, რომელიც ათეულში ხვდება, თავისთავად ნიჭიერია, მაგრამ ვინც ათეულს გარეთ დარჩა, ისინიც უნიჭიერესები არიან. გამარჯვებული კი მიემგზავრება საბავშვო ევროვიზიაზე. ევროვიზიაც ხომ იმისთვის არის, რომ ჩვენი შვილები იყვნენ ბედნიერები, ეს არის სიხარულის ფესტივალი და არა კონკურსი“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.
ამასთან, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა კულინარიულ მეგაშოუ „მასტერშეფზე“ ისაუბრა.
„მასტერშეფმა“ მეშვიდე სეზონი კარგი შედეგით დაიწყო. ვფიქრობ, ძალიან განსხვავებული სეზონი გველოდება. არაერთხელ მითქვამს, რომ „მასტერშეფს“ თავისი ღირებულებითი ნაწილი აქვს. მან ქცევის კულტურა შეცვალა, მათ შორის კვებასთან მიმართებით. პირველი არხისთვის გართობაც კი შემეცნების კომპონენტით შემოდის. კერძების მომზადებაში, დაგემოვნებაში, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში ვფიქრობ, პატარა რევოლუცია მოახდინა“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.
ამასთან, როგორც გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, პირველი არხის ეთერში დღეს, 22:00 საათზე ახალი ქართული სერიალი „სიყვარულს მიღმა“ დაიწყება.
„ჩვენი მიზანი იყო, გადაგვეღო ქართული ყოველდღიური სერიალი, რომ ჩაენაცვლებინა სხვა ქვეყნის სერიალები. საზოგადოებრივი მაუწყებლის მისია გამორჩეულია სხვა ტელეკომპანიებთან შედარებით, პროდუქციის 70 პროცენტი ქართულია. „სიყვარულს მიღმა“ საყოფაცხოვრებო დრამაა, რომელშიც ასახული იქნება ყველა პრობლემა და არა მარტო პრობლემა, რაც ჩვენს რეალობაშია – დაწყებული აზარტული თამაშებით, დამთავრებული ჯანმრთელობის პრობლემებით“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.
მისივე თქმით, პირველი არხი კვლავ გააგრძელებს იმ დოკუმენტური ფილმების ჩვენებას, რომელიც ყოველკვირეულად გადიოდა ეთერში.
თინათინ ბერძენიშვილმა პოპულარულ მეგაშოუ „შარქ თენქ საქართველოზეც“ ისაუბრა.
„შარქ თენქის“ შესყიდვაზე საუბარი დავიწყეთ პანდემიის დროს. თავიდან მოცემულობა იყო, რომ ქართულ ეკონომიკას დავხმარებოდით. პროექტის შერჩევისას შესაბამისი კრიტერიუმები გვაქვს – ჩვენი მედიაპროდუქტით რისი დაბრუნება შეიძლება საზოგადოებისთვის და ეს იყო ქართული იდეის დაფინანსება. ძალიან ბევრი სტარტაპია. „შარქ თენქის“ შემთხვევაში პირველი იყო, დავხმარებოდით ქართულ იდეას, მეორე – შემოგვეტანა საგანმანათლებლო კომპონენტი.
ეს პროექტი გაძლევს საშუალებას, ისწავლო. შეიძლება, შენმა იდეამ დაფინანსება ვერ მიიღოს, მაგრამ უკვე უამრავი ქეისი გვაქვს, რომ მონაწილეებმა სხვაგან იპოვეს დაფინანსება. ეს კარგი გამოცდილებაა. გარდა ამისა, პრეზენტირების უნარს შეისწავლი. „ჯიტა“ გვეხმარება, პროექტში მოხვედრამდე მონაწილეებმა ისწავლონ 5-10 წუთში აზრის მარტივად და მიმზიდველად ჩამოყალიბება. რაც მთავარია, ეს არის რეალური დაფინანსება, ეს არ არის მხოლოდ სატელევიზიო ფორმატი. საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის „სონი“, რომელიც მუდმივად ჩვენთან კავშირშია, თავიდან სკეპტიკურად უყურებდნენ, ყველა კადრს გვიმოწმებდნენ. ახლა ძალიან კმაყოფილები არიან, რომ ჩვენმა პატარა ქვეყანამ შეძლო საკმაოდ დიდი თანხის მობილიზება და წარმატებული სეზონის დადებაც“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.
როგორც თინათინ ბერძენიშვილმა აღნიშნა, „შარქ თენქ საქართველოს“ ახალი, საგაზაფხულო სეზონი ბევრად აზარტულია, ვიდრე წინა სეზონი.
„გვყავს ახალი შარქებიც. ერთ წელში „შარქის“ ორი სეზონის აწევა ბევრ ეკონომიკურად ძლიერ ქვეყანასაც არ შეუძლია. როდესაც გამოვაცხადეთ კონკურსი, გვეშინოდა, იქნებოდა თუ არა ბევრი იდეა. მივიღეთ სამჯერ მეტი განაცხადი, ერთმანეთზე უკეთესი იდეა და ბევრიც დაგვრჩა, რომელსაც იმედი მაქვს, შემდეგ სეზონზე განვახორციელებთ. ეს გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ ნამდვილად ძალიან წარმატებული პროექტია და პირველი არხის ყველა ღირებულებას შეესაბამება.
ყველას არ აქვს ბიზნესგანათლება და საჭირო იყო ტერმინთა განმარტება. ირაკლი ჩხიკვაძის გუნდმა მოიფიქრა და შოუს ტერმინთა განმარტებითი ნაწილი დავურთეთ“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.
მისივე თქმით, სექტემბრიდან პირველ არხზე გავა სხვა ჟანრის სერიალიც, ასევე მიმდინარეობს რამდენიმე პროექტზე მუშაობა.
„სექტემბრიდან სხვა მრავალი ჟანრის სერიალიც დაგვემატება, ქართულს ხაზს ვუსვამთ, ვამაყობთ იმით, რაც გვაქვს და ვეძებთ ისეთ ახალ პროექტებს, რომლებიც საინტერესო იქნება არა მარტო არხისთვის, არამედ ამ საზოგადოების ნაწილისთვის. ვმუშაობთ რამდენიმე პროექტზე. ყველა ჩვენი პროდუქტი, რომელიც იქმნება, ან შეიქმნება, ემსახურება იმ ღირებულებებს, რომლებიც გაცხადებული გვაქვს და გვსურს, ამ დიდ მოგზაურობაში მაყურებელიც გამოგვყვეს“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.