თინათინ ბერძენიშვილი საერთაშორისო ფორუმის „მედიისა და კულტურის დღეები“ სპიკერია
პირველი არხის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი საერთაშორისო ფორუმის, „მედიისა და კულტურის დღეების“ სპიკერია.
ფორუმს რუმინეთის დედაქალაქი ბუქარესტი მასპინძლობს და აზია-წყნარი ოკეანის სამაუწყებლო კავშირისა (ABU) და რუმინეთის საზოგადოებრივი რადიოს ორგანიზებით იმართება. წელს კონფერენციაზე, სახელწოდებით „მრავალფეროვნება და გამორჩეულობა: კულტურის გავლენა საზოგადოებრივ მაუწყებლებზე“, განიხილება მაღალი ხარისხის კულტურული პროდუქტი, მრავალფეროვნება და ინკლუზია საზოგადოებრივ, რეგიონულ და ლოკალურ მაუწყებლებთან მიმართებაში.
ფორუმზე პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა ქართული კულტურისა და საზოგადოების გაძლიერებაში საზოგადოებრივი მაუწყებლის როლზე ისაუბრა, ასევე მაუწყებლის ახალი პლატფორმა 1tvplay.ge წარადგინა.
„ბოლო წლების კვლევების მონაცემები აჩვენებს ტრადიციულიდან ციფრულ მედიაზე გადასვლის ტენდენციას, განსაკუთრებით, ახალგაზრდა აუდიტორიის შემთხვევაში. ციფრული ეპოქის გამოწვევების გათვალისწინებით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პირველი ქართული უფასო BVOD პლატფორმა შესთავაზა საზოგადოებას, რაც კიდევ ერთი ნაბიჯია ქართული შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარებისთვის“, – განაცხადა პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა.
ღონისძიება ყოველწლიურია და ყურადღებას ამახვილებს საზოგადოებრივი მედიის როლზე კულტურისა და მემკვიდრეობის სხვადასხვა ფორმით პოპულარიზაციის კუთხით.