თინათინ ბერძენიშვილი - რამდენად არარეალურიც უნდა იყოს, ისმის შეკითხვები, გვჭირდება თუ არა და საერთოდ რას აკეთებს საზოგადოებრივი მაუწყებელი
მედიისა და კომუნიკაციის ბლოკის დირექტორის თინათინ ბერძენიშვილის განცხადებით, რამდენად არარეალურიც უნდა იყოს, შეკითხვები ისმის, გვჭირდება თუ არა და საერთოდ რას აკეთებს საზოგადოებრივი მაუწყებელი.
„როდესაც ევროპის მაუწყებელთა კავშირის დელეგაცია იყო საქართველოში ჩამოსული, მათ შემოგვთავაზეს ძალიან კარგი ფორმატი – პარლამენტში დებატები, ზოგადად როგორი უნდა იყოს საზოგადოებრივი მაუწყებელი. ეს ბევრ ქვეყანაში აპრობირებული მეთოდია. იმდენჯერ შეიცვალა კანონი და ისეთი ცვლილებები მოხდა, რომ რთულია გაუგო თავი და ბოლო. სწორედ ამის თავიდან აცილებას ემსახურება ის ცვლილებები, რომელიც ახლა არის ინიცირებული.
ევროპის მაუწყებელთა კავშირს აქვს თავისი „ბიბლია“, რა არის საზოგადოებრივი მაუწყებელი. EBU-ს აქვს ექვსი ღირებულება, სტანდარტი, რომელსაც არ გვერდს არ უხვევს, რომელსაც ჩვენი დისკუსია არ სჭირდება. ახლა უნდა ვთქვათ, გვაქვს თუ არა ის კანონი, რომლითაც ექვს ღირებულებას – ნდობიდან დაწყებული, ანგარიშვალდებულებით დამთავრებული – ვასრულებთ და თუ არა, რატომ ვერ ვასრულებთ, სად არის ის პრობლემა, რომელიც 2001 წლიდან საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს, რა ვალები ჰქონდა და ა.შ. თუმცა, ესეც კომპლექსურ საკითხად უნდა განვიხილოთ. მე გთავაზობთ და ამაზე ევროპის მაუწყებელთა კავშირი თანახმაა, გაიმართოს საჯარო დებატები, რა არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, რისთვის არსებობს და მერე განვიხილოთ საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მას სჭირდება“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.
მისივე თქმით, ძალიან შორს წავალთ, თუ შევალთ დისკუსიაში, რისთვის არის საჭირო საზოგადოებრივი მაუწყებელი და უნდა ჰქონდეს თუ არა მეგაშოუ.
„დიახ, ევროპაში ყველა საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს დაბალანსებული საინფორმაციო სამსახური, მაგრამ ასევე მონოპოლისტია „ინთერთეინმენთშიც“, რადგან მაყურებელი განსაკუთრებით ამ ნაწილში გროვდება. ამის მაგალითია დანიის საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელსაც, სხვათა შორის, ედავებოდნენ, რომ ამ კუთხით სრული მონოპოლისტია.
დანიის მაგალითი შესაძლოა რიტორიკულია, მაგრამ სრულყოფილ მოდელზე ოდესღაც ხომ უნდა დავიწყოთ ფიქრი. იმ პრინციპით, რომ რაც გვაქვს იმით ვიმოქმედოთ, ეს ტელევიზია არასდროს განვითარდება. ეს მაუწყებელი მუდამ იქნება ისეთი, როგორიც დღეს არც მე მომწონს“, – აცხადებს ბერძენიშვილი.
ბერძენიშვილის თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის დანიშნულებაა, იყოს ყველასთვის სანდო ტელევიზია და ის მისწრაფებები, რომელიც აქვს, ბოლომდე შეასრულოს.
„საზოგადოებრივი მაუწყებელი ემსახურება საზოგადოებას და პროგრამირებით უბრუნებს იმ სიკეთეს, რომელსაც საზოგადოება იხდის. ეს არის ევროპის მაუწყებელთა კავშირისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის არსი. თუ ეს არსი არ მოგვწონს და არ გვინდა, მაუწყებელი ვერც ვერასდროს შეასრულებს თავის მოვალეობას.
სიტყვის თავისუფლება, პლურალიზმი – სწორედ ამის ტრიბუნა უნდა იყოს საზოგადოებრივი მაუწყებელი. ყველა ქვეყანაში არსებობს ეს ტრიბუნა და ასეთი ტრიბუნა იქნება საქართველოშიც, თუ ჩვენ ეს გვინდა“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.