თინათინ ბერძენიშვილი ქალთა საერთაშორისო დღეს „ევროპის მაუწყებელთა კავშირის“ ვებინარს გახსნის
ქალთა საერთაშორისო დღეს „ევროპის მაუწყებელთა კავშირი“ (EBU) ვებინარს ჩაატარებს, რომელსაც საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი, „ევროპის მაუწყებელთა კავშირის“ გენდერული თანასწორობის ჯგუფის ხელმძღვანელი თინათინ ბერძენიშვილი გახსნის.
8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით „ევროპის მაუწყებელთა კავშირი“ მთელ რიგ ღონისძიებებს გეგმავს, რომლებიც შეეხება მსოფლიოში გენდერული ბალანსის კუთხით მიღწეულ პროგრესსა და ამ მხრივ ჯერ კიდევ არსებულ გამოწვევებს. ვირტუალური ღონისძიების თემა საზოგადოებრივ მედიაში ქალთა წარმომადგენლობაა.
სესიის მიმდინარეობისას, თინათინ ბერძენიშვილს შეუერთდება „ევროპის მაუწყებელთა კავშირის“ წევრებთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების დირექტორი ვანესა ოკონორი, ასევე სხვა ევროპული მაუწყებლების წარმომადგენლები, მათ შორის BBC-ის, ZDF-ის, ARD-ის, Rai-ის, LRT-ის და RTE-ის. მოგვიანებით, თინათინ ბერძენიშვილი მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში, რომელიც შეეხება ხელმძღვანელი ქალების წინაშე არსებულ გამოწვევებს.
თინათინ ბერძენიშვილი ასევე ისაუბრებს იმ ნაბიჯებზე, რომლებიც მან გადადგა საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში გენდერული ბალანსის გასაუმჯობესებლად. აღნიშნული პანელის პირდაპირი ტრანსლირება სოციალურ ქსელ „ინსტაგრამზე“ განხორციელდება.
„ევროპის მაუწყებელთა კავშირი“ აღნიშნავს, რომ საზოგადოებრივ მედიაში დასაქმებულთა 45% ქალები არიან (რაც 6%-ით აღემატება ზოგადად მედიაში არსებულ მაჩვენებელს), რომლებიც აღწევენ დიდ წარმატებებს ხელმძღვანელ პოზიციებზე.