თინათინ ბერძენიშვილი - პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო“ არის პასუხი კითხვაზე, რატომ უნდა არსებობდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი
„მრავალფეროვანი საქართველო“ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის ვალდებულებას, ჰქონდეს მრავალფეროვანი ეთერი, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიისა და კომუნიკაციის ბლოკის დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო“ არის პასუხი კითხვაზე, რატომ უნდა არსებობდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი.
„გვაქვს შვიდენოვანი ონლაინ პლატფორმა, თუმცა ეს დასაწყისია. დაგეგმილია არაერთი აპლიკაციის შექმნა ვებპლატფორმაზე და ეს პროექტიც თავის სიტყვას იტყვის, რადგან ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები არიან შეკრებილები და მათი მოტივაცია გადამდებია. ხშირად ისმის შეკითხვა, რისთვის არსებობს საზოგადოებრივი მაუწყებელი და ვფიქრობ, ეს პროექტი ჩვენი პასუხია“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.
პირველმა არხმა ახალი პროექტის, „მრავალფეროვანი საქართველო“ პრეზენტაცია დღეს გამართა.
პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო“ მიზნად ისახავს ეთნიკური უმცირესობების ენებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობას, მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლებასა და მრავალფეროვან კულტურათა დიალოგის ხელშეწყობას.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ სხვადასხვა რელიგიური კონფესიების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მათ შორის საფრანგეთისა და სომხეთის ელჩები, ასევე აზერბაიჯანის საელჩოს წარმომადგენლები.