თინათინ ბერძენიშვილი - მოვუწოდებ ყველას, თავი შეიკავონ პოლიტიკურ მიზანსცენებში საზოგადოებრივი მაუწყებლის ჩართვისგან, ამის უფლებას არავის მივცემთ
მოვუწოდებ ყველას, თავი შეიკავონ პოლიტიკურ მიზანსცენებში საზოგადოებრივი მაუწყებლის ჩართვისგან, ამის უფლებას არავის მივცემთ, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა განაცხადა არხზე მორიგი თავდასხმის შეფასებისას.
„წარმოუდგენელია, როდესაც ვერ იაზრებენ, რა არის საზოგადოებრივი მაუწყებელი და ამ მაუწყებლისადმი, როგორც ინსტიტუციისადმი, დამოკიდებულება.
ჩვენ ძალიან კარგად გვესმის ჩვენი პასუხისმგებლობა, ასევე თმენის ვალდებულება, თუმცა მინდა, ყველას შევახსენო, რომ გვიცავს კანონი, კონსტიტუცია და ასევე, გვიცავენ საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებთანაც გვექნება საუბარი მედიის თავისუფლებაზე, მათ შორის, აუცილებლად დღევანდელ ფაქტზე.
ზოგადად, ამ ქვეყანაში მედიათავისუფლებაზე საუბარი ძალიან ადვილია, მაგრამ როდესაც კონკრეტულ ფაქტებამდე მივდივართ, წინააღმდეგობას ვხვდებით. აქვე მინდა, ვუთხრა ყველას, რომ ჩვენს არხზე არ არსებობენ დაბლოკილი რესპონდენტები. მოვუწოდებ ყველას, თავი შეიკავონ პოლიტიკურ მიზანსცენებში საზოგადოებრივი მაუწყებლის ჩართვისგან, ამის უფლებას არავის მივცემთ“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.
ცრუ და დაუსაბუთებელი ბრალდებები საქართველოს პირველ არხს „ევროპული საქართველოსგან“ – დღეს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ საქართველოს პირველი არხი თავისი პარტიის წარმომადგენლებისადმი „ხისტ მიდგომებში“ დაადანაშაულა.