თინათინ ბერძენიშვილი მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის კონფერენციის სპიკერია
პირველი არხის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი კომუნიკაციების კომისიის 2023 წლის მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის შემაჯამებელი კონფერენციის სპიკერია.
სესია სახელწოდებით „ახალი მედია ციფრული ტრანსფორმაციის ეპოქაში – არხები, ფორმატები და აუდიტორია“ ციფრული მედიის გამოწვევებს და მასთან დაკავშირებულ ახალ შესაძლებლობებს შეეხო.
„ახალი სეზონიდან პირველმა არხმა საზოგადოებას პირველი ქართული BVOD პლატფორმა 1TVPLAY წარუდგინა. ბოლო დროის კვლევები გვაჩვენებს, რომ აუდიტორიის ქცევა შეცვლილია და მიგრაცია ტრადიციული მედიასაშუალებებიდან ახალ, ციფრულ პლატფორმებზე ხდება. გამომდინარე აქედან, პირველი არხი ახალგაზრდა აუდიტორიას, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მნიშვნელოვანი სეგმენტია, შესაბამის პლატფორმას სთავაზობს“, – განაცხადა პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა.
თინათინ ბერძენიშვილმა კონფერენციის ფარგლებში საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი ქართული უფასო BVOD (Broadcaster video on demand) პლატფორმა 1TVplay წარადგინა და მაუწყებლის ციფრული მედიაპროდუქტების განვითარებაზე გააკეთა აქცენტი.
კომუნიკაციის კომისიის მედია და ინფორმაციული წიგნიერების კვირეული 2021 წელს გაერო-ს მიერ მიღებული რეზოლუციის ფარგლებში ტარდება და საზოგადოებაში მედიაწიგნიერებისა და მისი მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.