თინათინ ბერძენიშვილი - მაუწყებლის გუნდს ვულოცავ საერთაშორისო აუდიტის დადებით დასკვნას, შემოწმდა როგორც ფინანსური, ასევე სახელმწიფო შესყიდვების ანგარიშის აუდიტი
მაუწყებლის გუნდს ვულოცავ საერთაშორისო აუდიტის დადებით დასკვნას, შემოწმდა როგორც ფინანსური, ასევე სახელმწიფო შესყიდვების ანგარიშის აუდიტი, საგადასახადო კუთხით ანგარიშის აუდიტიც მოვისმინეთ, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა განაცხადა.
თინათინ ბერძენიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ 2023 წელს მაუწყებელს ჰქონდა 33 175 საბუღალტრო-საფინანსო გატარება-აღრიცხვა და რაიმე ტიპის გადაცდენას ადგილი არ ჰქონია.
„საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის გამჭვირვალობა და ფინანსური ანგარიშვალდებულება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, მით უფრო ახლა, როდესაც 2023 წელს საკმაოდ მსხვილი შესყიდვები გვქონდა, რადგან ახალი კომპეტენცია შევიძინეთ და ახალი შენობის მშენებლობის პროცედურებს გავყევით. მაუწყებლის გუნდს ვულოცავ საერთაშორისო აუდიტის დადებით დასკვნას. შემოწმდა როგორც ფინანსური, ასევე სახელმწიფო შესყიდვების ანგარიშის აუდიტი. საგადასახადო კუთხით ანგარიშის აუდიტიც მოვისმინეთ. მნიშვნელოვანია, რომ 2023 წელს გვქონდა 33 175 საბუღალტრო-საფინანსო გატარება-აღრიცხვა და რაიმე ტიპის გადაცდენას ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება მაუწყებლის ახალ შენობას, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პროცესი უკვე დასასრულს უახლოვდება. 27 აგვისტოს საბოლოოდ სრულად უნდა დასრულდეს შენობა და ჩაბარდეს საზოგადოებრივ მაუწყებელს. ამის შემდეგ დაიწყება გადასვლის პროცესი, რისთვისაც ყველანი ვემზადებით. ეს არ არის მხოლოდ ინფრასტრუქტურული ცვლილება, რომელიც ნამდვილად ძალიან მასშტაბურია“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.
მისივე თქმით, დასრულდა ახალი შენობა სახელმწიფო შესყიდვების კანონის სრული დაცვით, აბსოლუტურად გამჭვირვალედ და არცერთი შენიშვნა მაუწყებელს არ მიუღია.
„აუდიტის დასკვნის ნაწილში ვიტყვი, რომ ძალიან ამაყები ვართ. შენობა დასრულდა სახელმწიფო შესყიდვების კანონის სრული დაცვით, აბსოლუტურად გამჭვირვალედ და არცერთი შენიშვნა არ მიგვიღია. ახალ შენობაში გადასვლა კიდევ ცალკე პროცესია და თითოეული ჩვენი ნაბიჯი საზოგადოებისთვის იქნება ცნობილი. ეს არ არის მხოლოდ ინფრასტრუქტურული ცვლილება, ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობის პროცესის ცვლილებაც, ქვეყნისთვის მართლაც უნიკალური სატელევიზიო სტუდიები, რომლებიც საქართველომ სხვადასხვა წარმოებისთვის, მათ შორის კინოწარმოებისთვის, ძალიან კარგად უნდა გამოიყენოს“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.
საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ, შპს „მოორ ეიბისიმ“ საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსურ ანგარიშგებაზე დადებითი დასკვნა მოამზადა.