თინათინ ბერძენიშვილი იტალიის საზოგადოებრივი მაუწყებლისა (RAI) და აზია-წყნარი ოკეანის მაუწყებელთა კავშირის დღეების - ABU-RAI Days ვებინარის სპიკერია
საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი იტალიის საზოგადოებრივი მაუწყებლისა (RAI) და აზია-წყნარი ოკეანის მაუწყებელთა კავშირის დღეების – ABU-RAI Days ვებინარზე მოხსენებით წარდგება.
14-15 ივნისს ABU-RAI Days სერიის მესამე გამოშვება იტალიის ქალაქ მილანში და ამავდროულად, ონლაინ-ჰიბრიდულ რეჟიმში გაიმართება.
ვებინარის თემაა „ტოლერანტობისა და ურთიერთგაგების გაძლიერება პოსტპანდემიურ სამყაროში“. ღონისძიების პირველ დღეს თინათინ ბერძენიშვილი სუპერპანელში სხვა მედიამენეჯერებთან ერთად ისაუბრებს შემდეგ თემებზე: უპრეცედენტო გამოწვევებიდან მდგრადი გადაწყვეტილებებისკენ – როგორ აღადგინოს საზოგადოებრივმა მედიამ ადამიანების რწმენა და დაუბრუნოს ნდობა მედიისა და დემოკრატიის მიმართ.
თინათინ ბერძენიშვილთან ერთად პანელში მონაწილეობას მიიღებენ: იტალიის საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი მარჩელო ფოა, აზია-წყნარი ოკეანის მაუწყებელთა კავშირის (ABU) გენერალური მდივანი ჯავად მოტაგი, ევროპის მაუწყებელთა კავშირის გენერალური დირექტორი ნოელ კურანი და სხვ.