თინათინ ბერძენიშვილი - გვაქვს ამბიცია, გავხდეთ ევროპული საზოგადოებრივი მაუწყებლობის ოჯახის საუკეთესო მაგალითი
პირველ არხს გვაქვს ამბიცია, გავხდეთ ევროპული საზოგადოებრივი მაუწყებლობის ოჯახის საუკეთესო მაგალითი, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა განაცხადა.
თინათინ ბერძენიშვილი დღეს ევროპის მაუწყებელთა კავშირის დელეგაციის წევრებს შეხვდა.
„გვაქვს ძალიან დატვირთული გრაფიკი, ვინაიდან, ევროპის მაუწყებელთა კავშირის დელეგაცია სამი დღით არის ჩამოსული. პირველ არხს გვაქვს ამბიცია, გავხდეთ ევროპული საზოგადოებრივი მაუწყებლობის ოჯახის საუკეთესო მაგალითი. მინდა გითხრათ, რომ დღევანდელი შედეგებით ძალიან დიდი პროგრესი გვაქვს, განსაკუთრებით ტექნიკურ და ტექნოლოგიურ ნაწილში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სწრაფი განვითარებისთვის, რადგან ძალიან სწრაფად იცვლება მედიაგარემო. ძალიან დატვირთული დღე გვაქვს, გვინდა, მოვასწროთ ყველაფერი. გავაცანით არა მხოლოდ ინფრასტრუქტურული ცვლილებები, არამედ ვისაუბრეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის გრძელვადიან სტრატეგიაზე, მოკლევადიან გეგმებზე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დიგიტალურ ტრანსფორმაციაზე, რომელიც ასე სჭირდება ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.
საქართველოს პირველ არხს ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) დელეგაცია სტუმრობს. ციფრული ტრანსფორმაციის პროექტის ხელმძღვანელი საშა სკოტი, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობის ხელმძღვანელი რადკა ბეთჩევა და ციფრული ტრანსფორმაციის და პლატფორმების მიმართულების ხელმძღვანელი ვოუთერ კარტიე საქართველოში შეხვედრებს საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტთან მართავენ. ვიზიტი ასევე დაგეგმილია ევროპის საბჭოსთან და ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელთან.
დელეგაციის წევრები შეხვედრებს საქართველოში 11-15 ოქტომბერს მართავენ. ევროპის მაუწყებელთა კავშირის წარმომადგენლების ვიზიტის მიზანი საზოგადოებრივი მაუწყებლის ციფრული და თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულებით მუშაობის შეფასებაა, რის შემდეგაც დაიგეგმება იმ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, რომელიც მაუწყებელს არსებული გამოწვევების დაძლევაში და ბაზარზე ამ მიმართულებით კონკურენტული პოზიციის შენარჩუნებაში დაეხმარება.
ცოტა ხნის წინ საქართველოს პირველი არხის შესახებ EBU-ს გამოცემაში PLAYBOOK დაიწერა და ის სწრაფი ციფრული ტრანსფორმაციის წარმატებულ მაგალითად შეფასდა. საზოგადოებრივი მაუწყებელი 2005 წლიდან არის ევროპის მაუწყებელთა კავშირის აქტიური წევრი და ორგანიზაციასთან მჭიდრო, მრავალმხრივი და ნაყოფიერი პარტნიორობა აკავშირებს.