თინათინ ბერძენიშვილი - „ფეისბუქმა“ რომ შემოგვთავაზოს, ხუთი წუთი ჩაისუნთქე და ამოისუნთქე, დაფიქრდი, სანამ დაპოსტავ, იქნება თუ არა სამყარო უკეთესი - დიახ, იქნება
თინათინ ბერძენიშვილი - „ფეისბუქმა“ რომ შემოგვთავაზოს, ხუთი წუთი ჩაისუნთქე და ამოისუნთქე, დაფიქრდი, სანამ დაპოსტავ, იქნება თუ არა სამყარო უკეთესი - დიახ, იქნება

„ფეისბუქმა“ რომ შემოგვთავაზოს, ხუთი წუთი ჩაისუნთქე და ამოისუნთქე, დაფიქრდი, სანამ დაპოსტავ, იქნება თუ არა სამყარო უკეთესი – დიახ, იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თინათინ ბერძენიშვილმა გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„ამასწინათ, „ევროპის მაუწყებელთა კავშირის“ ფორმატში ვსაუბრობდით, ისევ „ფეისბუქმა“ რომ შემოგვთავაზოს – ხუთი წუთი ჩაისუნთქე და ამოისუნთქე, დაფიქრდი, სანამ დაპოსტავ და დაწერ, იქნება თუ არა სამყარო უკეთესი? დიახ, იქნება, რადგან ემოციური ფონი, რომელიც მით უმეტეს ჩვენ მოგვდგამს, რომ ჯერ ვთქვათ და მერე ვიფიქროთ, როგორ გავაშუქოთ, არის უდიდესი პრობლემა“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.

მისი თქმით, პირადი „ვოლი“ არ არსებობს და სოციალური ქსელი საჯარო სივრცეა.

„ეს არის მედიასაშუალება, რომელიც არის საჯარო. როდესაც თქვენ პოსტს აქვეყნებთ, ეს უკვე საჯაროა. ეს არ არის თქვენი პირადი კედელი. ეს საჯარო სივრცეა. ამიტომ, შეგნებულად თუ შეუგნებლად, ამ შეცდომას ყველა ვუშვებთ და ვარღვევთ. ჩვენ შემთხვევაში, ვცდილობთ, ეს სტანდარტი დავიცვათ“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.

მან ასევე განაცხადა, რომ მედიასაშუალებებს აქვთ გაიდლაინები და მათ ძალიან კარგად იციან ნორმები, ისევე, როგორც საზოგადოებამ, თითოეულმა ჩვენგანმა და ეს პასუხისმგებლობა ყველამ უნდა გავიაზროთ.

„სანამ დავწერთ და დავპოსტავთ, როგორც მოქალაქეებმა, შეგვიძლია, გავიაზროთ პასუხისმგებლობა, რაც გვაქვს. რას ნიშნავს, ეს ჩემი პირადი სივრცეა?! ეს არის დიდი საერთო სივრცე და თითოეული სიტყვა გავლენას ახდენს მეორე ადამიანზე, მეზობელზე, მეგობარზე და ა.შ.“ – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.

როგორც თინათინ ბერძენიშვილმა აღნიშნა, ევროპული მედია შეთანხმდა იმაზე, რომ თუ ემოციას საპირისპიროდ რაციონალურ გაშუქებას დაუყენებ, აუცილებლად ემოცია გაიმარჯვებს.

„ახლა, ჟურნალისტები, მედია, საზოგადოება დავფიქრდეთ, ემოციაა მნიშვნელოვანი თუ რაციონალობა. ემოციით მიღებული შედეგები ბევრმა მედიასაშუალებამ იწვნია. აღარ გადავალ ფეიკ ნიუსის ეპოქაში, სხვადასხვა პრობლემაში და იმაზე, რომ ადამიანები ვერ ხვდებიან, რა არის ახალი ამბავი და რატომღაც, როგორც ძალიან ადრე გვასწავლიდნენ, კარგი ამბავი არ არის ნიუსი. სინამდვილეში, ეს ასე არ არის“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.

საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ პრევენციის თვალსაზრისით, მედიის პასუხისმგებლობა ძალიან დიდია.

„ბავშვებში, ქალებში ძალადობაზე, სუიციდზე საუბარი, ამ თემებზე ძალიან კვალიფიციური გადაცემები არის პრევენცია და ადამიანებში, მოზარდებში, ჩვენს შვილებში იმედის გაჩენა, რომ ყველაფერი ასე ცუდად არ არის. გამოსავალი ყოველთვის არის და ეს გამოსავალი შეიძლება საუბარში და კიდევ მრავალი სხვა რამ იყოს“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.

მისივე თქმით, ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა მაინც განათლების სისტემაშია.

„გამოსავალი არსებობს და ის განათლებაშია. ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა მაინც განათლების სისტემაშია, რადგან თითოეულ ჩვენგანს შეუძლია, რაღაც რომ არ იცის, გადაიკითხოს და შემდეგ, ეს ყველასთვის გადამდები ტალღა გახდეს“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.