თინათინ ბერძენიშვილი ევროპის მაუწყებელთა კავშირის ტექნოლოგიების და ინოვაციის სამიტის სპიკერია
საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) ტექნოლოგიების და ინოვაციის სამიტის სპიკერია.
ღონისძიება ყოველწლიური ტექნიკური ასამბლეის ფარგლებში იმართება და წევრი ქვეყნების მაუწყებლების ლიდერებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას, ერთმანეთს მედიატექნოლოგიების და ინოვაციების მიმართულებით მიმდინარე და სამომავლო ტენდენციები გაუზიარონ.
წლევანდელ სამიტზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მედიაორგანიზაციების მიერ ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკულ გამოყენებას, ცვლილებების დროს სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესს და პროდუქციის სხვადასხვა პლატფორმებზე გავრცელების სამომავლო გეგმებს.
„ინოვაცია და ცვლილება მედიის და ტექნოლოგიის მუდმივი თანმდევია, მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებამ გააჩინა, დღეს ეს პროცესი სრულიად შეუქცევადია, დროში ძალიან დაჩქარებულად მიმდინარეობს. ეს ეხება თითქმის ყველა მიმართულებას, მონაცემთა შეგროვება/დამუშავებას, შინაარსის შექმნას, სხვადასხვა ციფრულ პლატფორმებზე გავრცელებას და, რაც მთავარია, აუდიტორიის ქცევის გაზომვას“, – განაცხადა პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა.
ევროპის მაუწყებელთა კავშირის ტექნიკური ასამბლეა განიხილავს და ამტკიცებს სტრატეგიულ რუკას, სამუშაო გეგმას, რომლითაც შემდგომში ყველა წევრი მაუწყებელი ხელმძღვანელობს.