თინათინ ბერძენიშვილი ევროპის მაუწყებელთა კავშირის მედიასამიტის სპიკერია
თინათინ ბერძენიშვილი ევროპის მაუწყებელთა კავშირის მედიასამიტის სპიკერია. საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა მედიასამიტის ფარგლებში ლიდერობის, ტრანსფორმაციისა და საზოგადოებრივი მაუწყებლების წინაშე არსებული საერთო გამოწვევების შესახებ ისაუბრა. საერთაშორისო ურთიერთობების პანელს ევროპის მაუწყებელთა კავშირის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის დირექტორი მიშელ როვერელი უძღვებოდა.
„მედია განსაკუთრებულად სწრაფ ტრანსფორმაციას განიცდის, როგორც ტექნოლოგიური, ასევე შინაარსის შექმნის, მიწოდების ფორმების და პლატფორმების გამრავალფეროვნების მიმართულებით. ევროპის მაუწყებელთა კავშირის მედიასამიტი უმნიშვნელოვანესი პლატფორმაა საზოგადოებრივი მაუწყებლებისთვის, ერთმანეთს გაუზიარონ საერთო გამოწვევები და მათთან გასამკლავებლად ერთობლივი მიდგომები ჩამოაყალიბონ“, – განაცხადა საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა.
მედიასამიტის ფარგლებში განხილული იყო საზოგადოებრივი მედიის მცდარი წარმოდგენებისგან დაცვის საკითხი და საზოგადოებრივი მაუწყებლების შესახებ აუდიტორიისთვის ინფორმაციის მიწოდების ხერხები და საშუალებები. ასევე, საუბარი შეეხო ერთობლივი საერთაშორისო ძალისხმევის და თანამშრომლობის მნიშვნელობას წარმატებული ინიციატივების განხორციელებისთვის.
წლევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ევროპის მაუწყებელთა კავშირის გენერალურმა დირექტორმა, ნოელ კურანმა.
ღონისძიებას შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში ევროპის მაუწყებელთა კავშირმა 23 აპრილს უმასპინძლა.