თინათინ ბერძენიშვილი ევროპის მაუწყებელთა კავშირის გენერალურ ასამბლეაზე საზოგადოებრივი მედიის მიუკერძოებლობის პანელზე წარდგა

თინათინ ბერძენიშვილი ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) გენერალურ ასამბლეაზე საზოგადოებრივი მედიის მიუკერძოებლობის პანელური დისკუსიის სპიკერია. აღნიშნულ სესიაში მონაწილეობას იღებენ: BBC-ის გენერალური დირექტორი თიმ დეივი, შვეიცარიის სამაუწყებლო კორპორაციის გენერალური დირექტორი ჟილ მარშანი და შვედეთის საზოგადოებრივი რადიოს გენერალური დირექტორი სილა ბიანკო.

თინათინ ბერძენიშვილის თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა და მისი ფუნქციები განსაკუთრებული და უნიკალურია.

„ეს არის მედიის მაღალი სტანდარტი, რომელიც თავისუფალია ყველა სახის მიკერძოებული გავლენისგან და ახორციელებს კონსტიტუციით მინიჭებულ მანდატს. პოლარიზაციის თუ ახალი ტექნოლოგიების განვითარებასთან დაკავშირებული გამოწვევების მიუხედავად, საზოგადოებრივი მაუწყებლები ქმნიან საზოგადოებისთვის იმ სიკეთეს, ერთიანობას და ინტეგრაციას, რაც აუცილებელი და შეუცვლელია“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.

ევროპის მაუწყებელთა კავშირის რიგით 90-ე გენერალურ ასამბლეაზე განიხილება ისეთი საკითხები, როგორებიცაა: აღმასრულებელი საბჭოს ანგარიში, ორგანიზაციის წლიური და ფინანსური ანგარიშები. სპეციალური თემატური სესიები და პანელური დისკუსიები კი მოიცავს თანამედროვე მედიის სფეროს აქტუალურ თემებს: ხელოვნური ინტელექტი, ახალი ეპოქის ტრანსფორმაცია, საზოგადოებრივი მაუწყებლების მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა, მედიის თავისუფლების ევროპული აქტის საზოგადოებრივი მაუწყებლების მიზნებთან შესაბამისობა და ა.შ.

გენერალური ასამბლეის საზაფხულო სესიაში სპეციალური მოწვევით მონაწილეობას იღებენ მხოლოდ EBU-ს ძირითადი და ასოცირებული წევრებისა და მეგობარი ორგანიზაციების აღმასრულებელი პირები, ასევე კომიტეტების თავმჯდომარეები.

ასამბლეა ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში იმართება და მას ესპანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი RTVE მასპინძლობს.

გენერალური ასამბლეა ევროპის მაუწყებელთა კავშირის უმაღლესი მმართველი ორგანოა და აქვს ყველა უფლებამოსილება, რომელიც აუცილებელია კავშირის მიზნების განსახორციელებლად. ასამბლეა წელიწადში ორჯერ, ზაფხულისა და ზამთრის სეზონზე იკრიბება.