თინათინ ბერძენიშვილი - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ თავად აირჩია ევროვიზიაზე წარსადგენი სიმღერა და მომღერალი
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ თავად აირჩია ევროვიზიაზე წარსადგენი სიმღერა და მომღერალი, – ამის შესახებ პირველი არხის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ და „საქართველოს ვარსკვლავის“ ჟიურის წევრმა, თინათინ ბერძენიშვილმა განაცხადა.
„ის სიხარული და მაყურებლის სიამოვნება, რაც დღეს ვნახეთ, უკვე გამარჯვებაა. მეორე – ის, რომ ევროვიზიაზე გაემგზავრება ქართული სიმღერა ქართული ლექსით, ვფიქრობ, ძალიან დიდი მონაპოვარია. და მესამე – ის, რომ 234 ათასზე მეტი ხმა შემოვიდა, საქართველომ თავად აირჩია სიმღერა და მომღერალი, ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა თინათინ ბერძენიშვილმა.
მისივე განცხადებით, შემოსული ხმების მონაცემები საჯარო გახდება.
„აუცილებლად უნდა ვუთხრა მაყურებელს, რომ ყველა მონაცემი გახდება საჯარო, რადგან საქართველომ უნდა იცოდეს, ვინ გააკეთა ეს არჩევანი. ამ პროექტს ვულოცავ პირველ არხს, ვულოცავ ყველას. უკვე ვემზადებით, ევროვიზიისთვის, თელ ავივისთვის, ამიტომ მაყურებელს პერიოდულად მივაწვდით ყველა ინფორმაციას, რა მოხდება შემდგომში“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.
პირველი არხის მუსიკალური შოუს, „საქართველოს ვარსკვლავის“ გამარჯვებული ოთო ნემსაძე გახდა. მეგაშოუს გამარჯვებული საქართველოს სახელით ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ისრაელში რომან გიორგაძის სიმღერით „სულ წინ იარე“ წარდგება.