თინათინ ბერძენიშვილი - ძალიან ამაყები ვართ, რომ რადიო ინარჩუნებს ტრადიციას, ჰყავს ბევრი მსმენელი და ფარავს მთელ საქართველოს
ძალიან ამაყები ვართ, რომ რადიო ინარჩუნებს ტრადიციას, ჰყავს ბევრი მსმენელი და ფარავს მთელ საქართველოს, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა განაცხადა.
„დღეს საქართველოში პირველ მაუწყებლობას შეუსრულდა 99 წელი, კონკრეტულად რადიო მაუწყებლობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმ რადიოსთვის, რომელშიც ჩვენ ახლა ვიმყოფებით, არამედ ქვეყნისთვის, რადგან ეს იყო პირველი რადიოსიგნალი, რომელიც ამიერკავკასიაში შემოვიდა. ასევე, აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე ძველი რადიომაუწყებლობაა. ჩვენ ძალიან ამაყები ვართ, რომ რადიო ინარჩუნებს თავის ტრადიციას, ჰყავს ძალიან ბევრი მსმენელი და, რაც მთავარია, ფარავს მთელ საქართველოს. ზოგადად, განსხვავებული რადიოა, რადგან ძალიან ბევრი გადაცემა აქვს, თოქრადიოა, ასევე ინარჩუნებს ქართული მუსიკის პოპულარიზაციას, ქართულ ხალხურ მუსიკას, რომელსაც დიდი წილი აქვს ჩვენს რადიობადეში“, – აღნიშნა თინათინ ბერძენიშვილმა.
მისივე თქმით, დღეიდან რადიოს სამაუწყებლო ბადეს კიდევ ერთი, ახალი გადაცემა დაემატება.
„დღეს, სიმბოლურად, რადგან 99 წელი შეუსრულდა რადიოს, ახალი პროგრამა შევა ეთერში, რომელსაც „პოეზიის ერთი წუთი“ ეწოდება და იმ ოქროს არქივს მოიცავს, სადაც დაცულია გალაკტიონის, ანა კალანდაძის, გოგლა ლეონიძის და სხვა ქართველი პოეტების ლექსები, კითხულობენ თავად ავტორები და ის მსახიობები, რომელთა ხმაც ჩვენს რადიოს მრავლად აქვს შემონახული“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.
23 მაისს საქართველოში პირველი მაუწყებლობიდან 99 წელი შესრულდა.