თინათინ ბერძენიშვილი - დღევანდელი საქართველოს მონაპოვარია დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მაუწყებელი, ის მყიფეა როგორც დემოკრატია და მოსაფრთხილებელი
არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ დღევანდელი საქართველოს მონაპოვარია დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მაუწყებელი. ის მყიფეა, როგორც დემოკრატია ჩვენს ქვეყანაში, და მოსაფრთხილებელია, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ არსებულ რეალობაში საზოგადოებრივი მაუწყებლის როლზე საუბრისას განაცხადა.
„არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ დღევანდელი საქართველოს მონაპოვარია დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მაუწყებელი, გნებავთ ხელისუფლების მონაპოვარია. ამას არავინ არ იყენებს, მაგრამ ის მყიფეა, როგორც დემოკრატია ჩვენს ქვეყანაში და ეს მოსაფრთხილებელია. ეჭვი ყოველთვის შეიძლება იყოს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიღებთ ყველანაირ შენიშვნას, ვითვალისწინებთ და რეაგირებას ვახდენთ“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, არის თუ არა რესურსი, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სხვადასხვა ჯგუფს ერთმანეთთან კომუნიკაციისთვის პლატფორმა შესთავაზოს, არხის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ „საერთოს საპოვნელად უნდა მოიძებნოს ძალა, რათა საზოგადოების ყველა ფენას ვესაუბროთ“.
„ძალიან ბევრ ჯგუფს ვხვდები. მრავალფეროვნება ჩემთვის არ არის მხოლოდ სიტყვა, ამ თემებზე ვმუშაობ, მაქვს გამოცდილება და მინდა, რომ ორგანიზაციის კულტურა დავნერგოთ, ეს განვავრცოთ ჩვენი ეთერიდან. როგორ გამოგვივა, ამას მაყურებელი თავად განსაზღვრავს, მაგრამ სხვადასხვა ჯგუფს ჩვენთან აქვს პრეტენზია, რომ არ ისმის მათი ხმა. იმ მოძალადე ჯგუფების გარდა, ვინც იძალადა რეალურად და ამას ვერავინ უარყოფს, იქ სხვა ადამიანებიც იდგნენ, რომლებსაც აქვთ ამის მიმართ პროტესტი, რომ ჩვენ ასე არ ვფიქრობთ და ამას მხარს არ ვუჭერთ, მაგრამ ჩვენი ხმა არ ისმისო. ჩვენც მაინც ვუთმობთ ამ შემთხვევაში ეთერს შესაძლოა იმ ნარატივს, რომელიც ახლა უფრო ხმამაღალია, მაგრამ თუ გვინდა, საერთო რაღაც ვიპოვოთ, უნდა მოვძებნოთ ძალა, რათა ვესაუბროთ საზოგადოების ყველა ფენას და არ დავყოთ პროცენტებად“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.
არხის გენერალურმა დირექტორმა პოლიტიკური თოქ-შოუებისა და ახალი ამბების გარდა, შემეცნებითი და გასართობი გადაცემების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
„ველოსიპედის გამოგონება არ გვჭირდება. ევროპული მოდელი, რაც არსებობს – ინფორმირება, შემეცნება და გართობა, ეს გვავიწყდება ხოლმე. ვინაიდან ტელევიზია პოპკულტურის ნაწილია, სამივე კომპონენტს თანაბრად უნდა მოიცავდეს. ამაშიც გვაკომპლექსებენ ხოლმე, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იყოს რაღაც ნიშური პროდუქტებით და უნდა ემსახურებოდეს ამ შემთხვევაში დაყოფას და უჯრებში ჩალაგებას, და არა პირიქით. ჩვენი მიზანია, რომ გავაერთიანოთ. შემეცნებაშიც და გართობაშიც ძალიან მაღალ პასუხისმგებლობას ვაყენებთ და იმის უკანაც ძალიან დიდ ღირებულებებს ვდებთ. ეს არის ერთმნიშვნელოვანი“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.
მისივე თქმით, „იმ ღირებულებებზე უნდა შევთანხმდეთ, რაზეც საზოგადოებას ვეუბნებით, რომ არის კარგი“.
„ამის სითამამე უნდა გვეყოს და მგონია, რომ ამას შევძლებთ“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის როლსა და სარედაქციო დამოუკიდებლობაზე საუბრისას, არხის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ საქართველოს პირველი არხის თანამშრომლებს გათვითცნობიერებული აქვთ საკუთარი როლი და ცდილობენ, მაქსიმალურად დაიცვან ბალანსი. მისივე თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვერასდროს იქნება მხარე.
„როცა მეუბნებიან, რომ „რა არის შენი დამოუკიდებლობის გარანტი“, „მე არ მჯერა, რომ შენ შეიძლება იყო დამოუკიდებელი“, რადგან არსებობს სტერეოტიპი, რომ ჩვენ ვართ აფილირებული რაღაცასთან და ამის რატომღაც უნდა გვრცხვენოდეს ან გვეშინოდეს, მე ვეუბნები, რომ არიან ადამიანები და ის ჟურნალისტები, ვინც აქ მუშაობენ. გადავხედოთ ერთმანეთს, თქვენ გაქვთ სიტყვის თავისუფლება, სარედაქციო დამოუკიდებლობა და ძალა, რადგან ჩვენ ვირჩევთ, ვინ დავასაქმოთ აქ. საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელს ირჩევს არხის გენერალური დირექტორი ან არსებული მენეჯმენტი, ამიტომ ეს სარედაქციო ველი ასე გამოიყურება დღეს. ჩვენგან რას ითხოვენ, რომ კიდევ უფრო აგრესიულად უნდა გამოგეხატათ აზრი რაღაცაზე.
ის, რომ ჩვენს როლს ძალიან კარგად ვგრძნობთ, ვხვდებით, მაქსიმალურად ვცდილობთ, ბალანსი დავიცვათ, მერე რაღაც გამონათებაა, რომ თითქოს ჩვენი სტანდარტების უკან არის რაღაც შეფარებული. არაფერი არ არის, ამ სტანდარტების უკან დგას პასუხისმგებლობა. უფლება პასუხისმგებლობის გარეშე არის დამღუპველი. ჩვენთანაც თითქოს ეს მოთხოვნაა, რომ ჩვენ ვიყოთ მხარე. ჩვენ მხარე არ ვართ და ვერ ვიქნებით ვერასდროს, თუმცა ფუნქციის ნაწილში, მისიის ნაწილში, ალბათ კიდევ უფრო ბევრი უნდა ვისაუბროთ სხვადასხვა ჯგუფთან, საზოგადოების წევრებთან, რათა ვიცოდეთ, ვინ არის ჩვენი საზოგადოება. ხანდახან მგონია, რომ ეს კარგად არ ვიცით. ვფიქრობ, ამ ძალიან მძიმე დღეებმა კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა, რომ ამ დაპირისპირებით ვერსად წავალთ“, – აღნიშნა თინათინ ბერძენიშვილმა.