თინათინ ბერძენიშვილი - ჩვენთვის ყოველი დღე ჟურნალისტის დღეა, განსაკუთრებით ამ მძიმე ვითარებაში, ჩვენი რამდენიმე ჯგუფი იყო უკრაინაში, ახლაც დაბრუნდა ეპიცენტრში, რათა საზოგადოებას მიაწოდოს გადამოწმებული ინფორმაცია
ომის დროს მუშაობა რისკის შემცველია, ჩვენი ჯგუფი დაბრუნდა უკრაინაში, რათა საზოგადოებას მიაწოდოს გადამოწმებული ინფორმაცია, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა განაცხადა.
ქართული ჟურნალისტიკის დღე საქართველოს პირველი არხის თანამშრომლებს დღეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა მიულოცა. ჟურნალისტებსა და ოპერატორებს, რომლებიც უკრაინის ომის დაწყებიდან საომარ მოქმედებებს აშუქებდნენ, სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
როგორც თინათინ ბერძენიშვილმა აღნიშნა, ომის დროს მუშაობა დიდ რისკებთან არის დაკავშირებული, რასაც საქართველოს პირველი არხი დიდი პასუხისმგებლობით უდგება.
„პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ჩვენთვის ყოველდღე ჟურნალისტთა დღეა. განსაკუთრებით ამ მძიმე ვითარებაში, როდესაც ჩვენი რამდენიმე ჯგუფი კიევში, ეპიცენტრში იყო, გავიარეთ ძალიან რთული დღეები. ახლა კიდევ ერთი ჯგუფი დაბრუნდა ლვოვში და მუშაობს იქიდან, რომ საზოგადოებას მიაწოდოს გადამოწმებული ინფორმაცია. ძალიან დიდ რისკს შეიცავს ომის დროს ჟურნალისტების, რეპორტიორების მუშაობა. ჩვენ შევიმუშავეთ გარკვეული დოკუმენტი, რომელიც ერთგვარად პრევენციაა ჟურნალისტებისთვის, დაიცვან თავი, იცოდნენ ქცევის წესები. თუმცა, გავიმეორებ, რა თქმა უნდა, რისკი არის ძალიან მაღალი და დიდი პასუხისმგებლობით ვუდგებით ამ საკითხს. როგორც უკვე ვთქვი, ჩვენი ჯგუფი უკრაინიდან მუშაობს, ხოლო ის ჯგუფი, ვინც დაბრუნდა და ნამდვილად ყველაფერი გააკეთა, რათა ინფორმირებული ყოფილიყო ჩვენი საზოგადოება, დღეს სიმბოლურად დაჯილდოვდა“, – აღნიშნა თინათინ ბერძენიშვილმა.