ჩვენი მოტივაცია და ენთუზიაზმი ის იყო, რომ ქვეყნისთვის და თითოეული მოქალაქისთვის შეგვექმნა საუკეთესო ინფრასტრუქტურა, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ ახალ შენობაზე საუბრისას განაცხადა.
თინათინ ბერძენიშვილის თქმით, აღნიშნული შენობა რადიოს, ტელევიზიისა და ონლაინ მედიის გარდა, კინოწარმოებას შეუწყობს ხელს.
„პირველი არხის ახალი შენობა ცვლის ყველაფერს. პირველ რიგში, ვულოცავ პირველი არხის ყველა თანამშრომელს, ძველ თაობას თუ ახალს, რადგან ჩვენ, ყველანი გავხდით ისტორიის ნაწილი და ვფიქრობ, რომ ეს ფურცელიც ძალიან ლამაზად დაიწყო. ექსპერტების შეფასება მოვისმინეთ, მათ შორის საერთაშორისო პრესის, რომ ეს შენობა არქიტექტურულად არის ძალიან გამორჩეული, გარდა ამისა, ის არის ფუნქციურად ძალიან დატვირთული. ადაპტირებულია არა მხოლოდ ტელევიზიისთვის, არამედ ეს არის მულტიმედიური სივრცე, რომელიც, გარდა იმისა, რომ რადიოს, ტელევიზიას და ონლაინ მედიას აერთიანებს, ასევე კინოწარმოებასაც შეუწყობს ხელს. მგონია, რომ თანამედროვე მედიის ყველა გამოწვევას უპასუხებს, გადამეტებულად თუ არ ვიტყვი, ცოტა წინ გავუსწარით დროს. ოთხ წელში, რომელიც კაფსულის ჩადებიდან დღემდე გავიარეთ, აბსოლუტურად ყველა საუკეთესო რეფერენსი, თუკი რაიმე ჰქონდა მსოფლიოს, ჩვენ აქ გადმოვიტანეთ. ვფიქრობ, რომ, ნამდვილად, ეს არის ერთ-ერთი როლმოდელი მთელი მსოფლიოსთვის.
ჩვენი მოტივაცია და ენთუზიაზმი ის იყო, რომ ქვეყნისთვის და თითოეული მოქალაქისთვის შეგვექმნა საუკეთესო ინფრასტრუქტურა. აბსოლუტურად ყველა სამუშაო, რომელიც ჩატარდა ქვეყანაში, ეს არის სახელმწიფო შესყიდვების მიერ გამოცხადებული ტენდერი და შემდეგ უკვე განხორციელებული, ჩვენთან ერთად იმუშავა 36-მა ადგილობრივმა ქართულმა კომპანიამ, რაც ნიშნავს, რომ ადგილზე მაღალი პროფესიონალიზმი და კომპეტენცია არსებობს. როდესაც გვესმის ხოლმე, რომ სადღაც რაღაც უფრო უკეთესად კეთდება – ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ჩვენც არანაკლებად შეგვიძლია.
კონკურსი გამოცხადდა, საჯაროდ შეირჩა ეს პროექტი ხალხის მიერ. გამოვარჩევ მთავარ არქიტექტორს, ლევან სიამაშვილს. ვფიქრობ, თავისი ცხოვრების პროექტი დადო. ქალაქს შეემატა არქიტექტურულად ძალიან გამართული, ლამაზი, ეკოლოგიურად მწვანე შენობა, რაც არ შეიძლება, არ გაგვიხარდეს, როგორც ქვეყნის შენაძენი. კომპანია „დაგი“, რომელმაც ააშენა შენობა და კომპანიაა „თბილი სახლი – კასა კალდა“. ინჟინერიას დიდი მნიშვნელობა აქვს, გათბობა-გაგრილება, რაც გვგონია ხოლმე, თითქოს არ შეგვიძლია, არაჩვეულებრივად იმუშავეს. გამოვყოფ ასევე კომპანია „სიემსის“, რომელმაც ზედამხედველობა ჩაატარა. ფუნდამენტურად ჩვენ ამ საქმის კეთება კარგად შეგვიძლია და სულ ხაზს ვუსვამ, რომ ეს საჯარო სექტორმა განახორციელა, რადგან, რა თქმა უნდა, ბიზნესსექტორს კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობები აქვს. სხვადასხვა მიზეზის გამო, ჩვენ შეზღუდული ვიყავით ბიუჯეტში, დროში. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დიახ, სახელმწიფო შესყიდვებით შეიძლება ძალიან კარგი და გრანდიოზული პროექტების კეთება. რა თქმა უნდა, ცოტა რთულია, მაგრამ შესაძლებელია, რაც ჩვენ დავამტკიცეთ.
თითოეული დეტალი, რომელიც არის შენობაში, არის ძალიან კარგად ნაფიქრი და გათვლილი. შენობას უჭირავს 26 000 კვადრატული მეტრის ფართობი, რომელიც არის უზარმაზარი. შენობაში არის 1 200 კვადრატული მეტრის ფართობის სტუდია. არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ბევრ ევროპულ საზოგადოებრივ მაუწყებელს და კერძო ტელევიზიასაც არ აქვს ამხელა მასშტაბები. ჩვენ პრეტენზია გვაქვს კინოწარმოებაზე და ქართული კინო ყოველთვის გამორჩეული იყო. ძალიან გვინდა, ამაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ. დიდი საკონცერტო სივრცეა, რომელიც ტექნოლოგიურად გამართულია.
მინდა, რადიოს ხაზი გავუსვა, რადგან რადიო არის ძირითადი მედიუმი და მისი ნდობა ძალიან მაღალია. ახალი შენობა გვაძლევს საშუალებას, რაც გვქონდა ჩაფიქრებული და რასაც მაყურებელი უფრო უკეთესად დაინახავს, რომ ყველაფერი სისტემატურად ერთმანეთში მოექცეს და მგონია, რომ ეს რგოლი შეიკრა. ჩვენ ძველი შენობაც ძალიან გვიყვარს და ისტორიის ნაწილია, თუმცა ის აღარ არის ადაპტირებული, თანამედროვე მედიასისტემას ვეღარ პასუხობს ვერანაირად, ვერც ინფრასტრუქტურულად, ვერც ტექნიკურად, ჩვენ აღარ ვართ ტელევიზია, ჩვენ ვართ მედიაჰაბი და მედიაეკოსისტემა.
ნიუსრუმი გვაქვს გაერთიანებული ნიუსრუმის კონცეფციის მიხედვით. ჩვენ ახალი ქცევითაც გადავეწყვეთ თითქოს ამაზე, მაგრამ ინფრასტრუქტურამ არ მოგვცა საშუალება, ეს ნიშნავს, რომ რადიო, ტელევიზია და ვები ერთიან კონცეფციაში მუშაობს და პირობითად, ტელევიზიიდან სამ მანქანას აღარ უწევს გასვლა ერთი ამბის მოსაყოლად. შეიძლება, ეს გაკეთდეს ინტეგრირებულად. ეს, მათ შორის, სახსრებსაც ძალიან ზოგავს. ეკონომიკური ფაქტორიც რომ ვთქვათ, 36 კომპანია და ადგილობრივად დახარჯული ფული უკან დაბრუნებული თანხაა, რაც არის საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარი კონცეფცია მთელ მსოფლიოში. რასაც ვხარჯავთ, ვხარჯავთ ბაზარზე. იგივე ეხება წარმოებას, ქართულ გადაცემებს.
ჩვენი მიზანია, რომ ის თანხა, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს, ისევ ქვეყანაში დარჩეს. ეს არის მნიშვნელოვანი სტრატეგიული გადაწყვეტილება. მათ შორის, პროდუქციით. ჩვენ, დიდი ხანია, ტექნოლოგიურად უკეთესობისკენ შევიცვალეთ და გადავიარაღდით, მაგრამ ახალი შენობა გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ყველაფერი სისტემურად ერთმანეთში მოექცეს.
ჩვენ გვაქვს ახალი, თანამედროვე საეთეროები, ასევე ცენტრალური საეთერო ახალი ამბებისთვის, რამდენიმე ცენტრალური საეთერო გვაქვს და საშუალება იქნება, ერთდროულად აწარმოო მაუწყებლობა ხუთი სტუდიიდან. სამი სტუდია დაპროექტებულია როგორც სამი ინდივიდუალური სტუდია. როდესაც ერთ სტუდიაში გადაცემა გადის, მეორეში შეიძლება, როკკონცერტი გამართო და ერთმანეთს ხელი არ შეუშალონ. მერწმუნეთ, ერთ-ერთი საუკეთესო აკუსტიკური სისტემაა. ამ ნაწილში ჩვენ ფინელი კოლეგები გვყავდნენ კონსულტანტებად. ვინც ნახა ნიუსრუმი, პირველი შეკითხვა იყო, ღია სივრცეაო. ეს ძალიან თანამედროვე, ცოტა სარისკო გადაწყვეტაა, რომელიც აქვს რამდენიმე ტელევიზიას, მათ შორის „ბიბისის“. ჩვენ ვცდილობთ, ის ტრადიცია შევინარჩუნოთ, რაც ძალიან კარგი იყო. ვთქვით, რომ ასწლოვანი ისტორია გვაქვს რადიომაუწყებლობიდან, რითიც ვამაყობთ. მომავალ წელს 100 წლის იუბილე გვაქვს დაგეგმილი. თითოეულ თანამშრომელს ვუხდი მადლობას, რომ აქამდე მოიტანეს ეს ისტორია. ახლაც ყველა ორმაგი დატვირთვით ვმუშაობთ, რომ უწყვეტი ეთერი შევინარჩუნოთ. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ უწყვეტი ეთერით გადასვლა ერთი შენობიდან მეორეში უნიკალური გამოცდილებაა არა მხოლოდ ჩევნთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.