თინათინ ბერძენიშვილი - ბავშვებისთვის განათლება კვლავ პრიორიტეტულია და ტელესკოლამ ამ მიმართულებით ბევრი ფუნქცია შეითავსა
ტელესკოლამ ახალი სატელევიზიო სეზონი დაიწყო. საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი აცხადებს, რომ ტელესკოლა რჩება საშუალებად, რათა მოსწავლეებმა კიდევ მეტი შეიმეცნონ.
„ტელესკოლა როცა შეიქმნა, ეს უნიკალური პროექტი იმ დროს იყო გადარჩენის ნათელი სხივი; იმედი გაჩნდა, რომ ბავშვებისთვის განათლება კვლავ პრიორიტეტულია, ისინი მარტო არ არიან და ტელესკოლამ ბევრი ფუნქცია შეითავსა, ერთგვარი ფსიქოლოგიური დახმარების საშუალებაც იყო. ტელესკოლამ საკმაოდ კარგი შეფასებები მიიღო არა მარტო საქართველოში, მის ფარგლებს გარეთ.
წელს, რადგანაც სკოლის მოსწავლეებს, სამწუხაროდ, კვლავ უწევთ საკლასო ოთახების გარეთ ყოფნა, ტელესკოლა არის დამხმარე საშუალება, რათა მოსწავლეებმა კიდევ მეტი შეიმეცნონ“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.
თინათინ ბერძენიშვილის განცხადებით, ტელესკოლა ახალ სეზონს უამრავი ახალი პროექტით იწყებს.
ტელესკოლის მთავარი პროდიუსერი თამარ ციციშვილი აღნიშნავს, რომ ახალ პროექტებთან ერთად ეთერში იქნება ტელეგაკვეთილები.
„ტელესკოლის ეთერში ასე შესვლას არ ვგეგმავდით; გვინდოდა, შევსულიყავით პროექტებით, მაგრამ, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი რეალობა ისევ ისეთია, არაფერი შეცვლილა, ტელეგაკვეთილები კვლავ ეთერში შევა და ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ყველა გაკვეთილი იქნება ხელმისაწვდომი მაყურებლისთვის. თუმცა, ვიმუშავეთ განსხვავებულ პროქტებზეც, რომელიც არასაგაკვეთილო პროცესს მოიცავს, არის მრავალფეროვანი და შემეცნებითი“, – აცხადებს თამარ ციციშვილი.
თამარ ციციშვილის თქმით, პროექტები იქნება არა მხოლოდ მოსწავლეებისთვის, არამედ მასწავლებლებისთვისაც.
სიახლეა ჟესტური ენის გაკვეთილები. ჟესტური ენის მასწავლებელმა, ლეკე ჯაფოშვილმა აღნიშნა, რომ არსებობს სპეციალისტების დეფიციტი და თავად მაყურებლის ინტერესის გათვალისწინებით, ტელესკოლაზე ჟესტური ენის გაკვეთილები გადაიცემა.