თინათინ ბერძენიშვილი - აშშ-ის საელჩოში შეხვედრაზე ვისაუბრეთ დღეს მომხდარ ძალადობრივ ფაქტებზე, თითოეული დაზარალებული მედიის გვერდით ვდგავართ ყველანი, ვართ აბსოლუტურად სოლიდარულნი
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოში მოქმედი ტელემაუწყებლების ხელმძღვანელებთან შეხვედრა დასრულდა.
საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის თინათინ ბერძენიშვილის განცხადებით, მედიაზე ზეწოლა და ძალადობრივი ფაქტები მიუღებელია, რაზეც ყველა თანხმდება.
„ყველა თანხმდება, რომ მედიაზე ზეწოლა, ის ძალადობრივი ფაქტები, რაც ვნახეთ, ყველასთვის მიუღებელი და შემაშფოთებელია. ერთმნიშვნელოვანია, რომ მედია უნდა ასრულებდეს თავის პროფესიულ მოვალეობას და იყოს დაცული. ყველანი ვთანხმდებით, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. დღევანელ შეხვედრაზეც ვისაუბრეთ ამ ფაქტებზე და იმაზე, რომ თითოეული დაზარალებული მედიის გვერდით ვდგავართ ყველანი, ვართ აბსოლუტურად სოლიდარულნი. თუ ჩვენს ქვეყანას სჭირდება განვითარება და დემოკრატიის გარკვეულ ნიშნულამდე მიღწევა, ასეთი ფაქტები აღარ უნდა იყოს დაშვებული“, – აღნიშნა თინათინ ბერძენიშვილმა.
რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიებზე „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ აგრესიული ქმედებები განახორციელეს, რის შედეგადაც დაშავდნენ სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი ილია თვალიაშვილი.
შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტებზე ამ ეტაპზე ადმინისტრაციული წესით რვა პირია დაკავებული.
მათივე ცნობით, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით 55 პირის მიმართ გამოვლინდა ძალადობის ფაქტები, მათ შორის 53 არის სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელი.