თინათინ ბერძენიშვილი - არავის მივცემ უფლებას, პირველი არხი ჩააყენონ თავდაცვით პოზიციაში, ვიქნები თითოეული ჩვენი ჟურნალისტის დამცველი
საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის, თინათინ ბერძენიშვილის განცხადებით, ნებისმიერი ფორმით ძალადობა დაუშვებელი და მიუღებელია.
მისივე თქმით, ასევე მიუღებელია ჟურნალისტებზე პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს თავდასხმა. ბერძენიშვილის განცხადებით, საქართველოს პირველი არხის თანამშრომლების უფლებების დასაცავად სამართლებრივი გზით იმოქმედებენ.
„პირველი არხი ყველა სამართლებრივ გზას მიმართავს, რომ დაიცვას თავისი თითოეული თანამშრომელი და სამართლებრივად მივაღწიოთ იმას, რომ დამნაშავე იყოს დასჯილი – ეს ერთმნიშვნელოვნად. მინდა, კიდევ ერთ ნაწილზე გავამახვილო ყურადღება. გუშინ უკვე ჩვენი თანამშრომლები და ჟურნალისტები გახდნენ თავდასხმის ობიექტი. მათ დააბრალეს, თითქოს არ დაეხმარნენ დაზარალებულ ჟურნალისტს. ჩვენ თანავუგრძნობთ ყველა დაზარალებულს, მაგრამ ეს ბრალდება არის ტყუილი და პოლიტიკური მდგენელების შემოყვანა მედიაში. არ შეიძლება, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები მუდმივად იყვნენ თავდასხმის ობიექტები; არ შეიძლება, ვიღაცისთვის რაღაც დაშვებული იყოს და ჩვენთვის დაუშვებელი; კოლეგიალობას გვთხოვდნენ მხოლოდ ჩვენ და ჩვენვე გვესხმოდნენ თავს. მე არავის მივცემ უფლებას, პირველი არხი ჩააყენონ თავდაცვით პოზიციაში და ვიქნები თითოეული ჩვენი ჟურნალისტის დამცველი. ყველაფერს გავაკეთებთ სამართლებრივი გზით, ჩვენი ჟურნალისტების დაცვის ნაწილშიც ყველა ორგანიზაციას მივმართავთ, დაიცვან ჩვენი ჟურნალისტები, ის ჟურნალისტები, რომლებიც ნამდვილად ყველაზე ნეიტრალურები, მფლობელის ინტერესებისგან აბსოლუტურად დაცლილები არიან“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.
მარნეულში „ქართული ოცნებისა“ და ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. დაშავდა რამდენიმე ადამიანი. ფიზიკურად გაუსწორდნენ საქართველოს პირველი არხის ოპერატორს, დამტვრეულია ვიდეოკამერაც. ინციდენტის დროს დაშავდა „მთავარი არხის“ ჟურნალისტი. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე.