თინათინ ბერძენიშვილი - ამაყი ვარ, რომ პანდემიის თუ სხვა გამოწვევების მიუხედავად, შევძელით პატივისცემა გამოგვეხატა ჩვენი ქვეყნის და ტელევიზიის ლეგენდარული წამყვანების მიმართ
ამაყი ვარ, რომ პირველი ვარსკვლავების გახსნიდან მოყოლებული, პანდემიის თუ სხვა გამოწვევების მიუხედავად, შევძელით პატივისცემა გამოგვეხატა ჩვენი ქვეყნის და ტელევიზიის ლეგენდარული წამყვანების მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა მთაწმინდის პარკში განაცხადა, სადაც პირველი ტელევიზიის სამი ტელესახის – ირმა გურიელის, თინა მგალობლიშვილისა და ირინა მათიაშვილის ვარსკვლავები გაიხსნა.
როგორც თინათინ ბერძენიშვილმა აღნიშნა, მაუწყებლობის თითქმის საუკუნოვანი ისტორიიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი მაუწყებელი უნიკალური არქივის, კულტურული მეხსიერებისა და მემკვიდრეობის მატარებელია, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ჩვენი ხალხის იდენტობაში.
„წელს საქართველოში ტელემაუწყებლობის დაწყებიდან 65 წელი სრულდება, რადიომაუწყებლობიდან კი 96 წელი, თითქმის საუკუნე აუდიოვიზუალური მეხსიერების, რომლის პირველი ნაკადი სწორედ ამ ადგილიდან ვრცელდებოდა – თბილისის სატელევიზიო ანძიდან და აქვე მდებარე მცირე ზომის სტუდიიდან. მის სათავეებთან მდგარი ტელესახეების სახელობითი ვარსკვლავები კი დღეს მთაწმინდაზეა განთავსებული. ეს ტრადიცია 2013 წელს დავიწყეთ და ვარ ამაყი, რომ პირველი ვარსკვლავების გახსნიდან მოყოლებული, პანდემიის თუ სხვა გამოწვევების მიუხედავად, შევძელით პატივისცემა გამოგვეხატა ჩვენი ქვეყნის და ტელევიზიის ლეგენდარული წამყვანების მიმართ. სწორედ მაუწყებლობის თითქმის საუკუნოვანი ისტორიიდან გამომდინარე, დღეს უკვე საზოგადოებრივი მაუწყებელი უნიკალური არქივის, კულტურული მეხსიერებისა და მემკვიდრეობის მატარებელია, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ჩვენი ხალხის იდენტობაში. ეს გამოცდილება გვაძლევს გამბედაობას, თამამად მივიღოთ ახალი გამოწვევები და ვუპასუხოთ მომავალი თაობის მოთხოვნებს, ვიმაუწყებლოთ მრავალფეროვანი აუდიტორიისთვის და ვიყოთ დიალოგის პლატფორმა, რომელიც მუდმივ განვითარებას ისახავს მიზნად“, – განაცხადა საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა.
მთაწმინდის პარკში, ტელეანძის მიმდებარედ პირველი ტელევიზიის სამი ტელესახის – ირინა მათიაშვილის, თინა მგალობლიშვილისა და ირმა გურიელის ვარსკვლავები დღეს გაიხსნა.