თინათინ ბერძენიშვილი - ადამიანები ჭკვიანი არსებები ვართ, ტექნოლოგიებიც ჩვენთვის უნდა გვინდოდეს და ხელოვნურ ინტელექტსაც ალბათ საუკეთესოდ გამოვიყენებთ
თინათინ ბერძენიშვილი - ადამიანები ჭკვიანი არსებები ვართ, ტექნოლოგიებიც ჩვენთვის უნდა გვინდოდეს და ხელოვნურ ინტელექტსაც ალბათ საუკეთესოდ გამოვიყენებთ

ძალიან მძიმე დღე გვქონდა, სტიქიის ზონაში ბევრი გარდაცვლილია და სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს, მინდა, ყველა ოჯახს მივუსამძიმრო. ასევე, ტრაგიკულად დაიღუპა ჩვენი კოლეგა, ტელეკომპანია „იმედის“ ოპერატორი. პირველი არხის სახელით ვუსამძიმრებ მის ოჯახს, კოლეგებს, მეგობრებს, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.

გადაცემაში საუბარი ეხებოდა საქართველოში ხელოვნური ინტელექტის ტენდენციებსა და გამოწვევებს.

თინათინ ბერძენიშვილის თქმით, ხელოვნური ინტელექტის გაჩენას მედიისა და ხელოვნური ინტელექტის ყველაზე უპასუხისმგებლო ქორწინებას უწოდებენ, რადგან ყველაზე მეტი პრობლემა ახლა მედიაში სწორედ ხელოვნურმა ინტელექტმა შექმნა.

„ზოგადად, მე ტექნოოპტიმისტი ვარ და არ მიყვარს პესიმისტურად ამაზე საუბარი. რისკების პრობლემა უკვე დგას, როდესაც ვსაუბრობთ დიგიტალურ ტრანსფორმაციაზე. ჩვენ კი არ ვგეგმავთ, ჩვენი ორგანიზაცია უკვე დიგიტალური ტრანსფორმაციის პროცესშია. ჩვენ უკვე ყველა ვიყენებთ დიგიტალურ ტექნოლოგიას სხვადასხვა ფორმით, თუმცა ახლა მედიის ნაწილში გაჩნდა დეზინფორმაციის საფრთხე“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.

მისი თქმით, დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე, ჩვენი ცხოვრების ისტორიაში პირველად მოხდა ის, რომ მოკლევადიან, ორწლიან რისკებში პირველ ადგილზე მოხვდა დეზინფორმაციის გავრცელების საფრთხე.

„მხოლოდ შემდეგ მოდის კლიმატის ცვლილებები ან კატაკლიზმები, ომი და სხვა საფრთხეები. რა შეიძლება, იყოს ამაზე მეტად მნიშვნელოვანი აქცენტი? მგონი, არაფერი. გრძელვადიან რისკებში მეექვსე ადგილზე იყო ხელოვნური ინტელექტი. რა თქმა უნდა, მას ძალიან ბევრი დადებითი კომპონენტი ახასიათებს, მაგრამ ეს არის რისკი. მედიის ნაწილში დეზინფორმაციის საფრთხე არის რეალობა, რასაც ჩვენ ვხედავთ“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.

როგორც ბერძენიშვილმა აღნიშნა, აღნიშნული რისკები ქმნის რაღაც ტიპის ქაოსს, უწესრიგობას და ამის მოწესრიგება გადაწყვიტა ევროკავშირმა.

„9 დეკემბერს უკვე ოფიციალურად შეთანხმდნენ და ხელოვნური ინტელექტის პირველი აქტი, რეგულაცია მიიღო ევროპის პარლამენტმა. უკვე გამოცხადდა, რომ 11 აპრილს ამას ფორმალურად უყრიან კენჭს, რაც საკმაოდ რთული საკითხია. გამოყოფილი აქვთ ხუთი ძირითადი ასპექტი, სხვადასხვა ტიპის ხუთი რისკი. სხვათა შორის, განათლებაც ერთ-ერთი დიდი რისკია და მათ შორის, მედიაც, თუმცა რა ტიპის რისკები იქნება გათვალისწინებული და როგორ, ამაზე საკმაოდ დიდ ვადას იღებენ, რადგან ტექნოლოგიები იმდენად სწრაფად იცვლება, ყოველდღე ახალს ვიგებთ, რომ რეგულაცია რამდენად დაეწევა ამ ახალ აქტს, ესეც ერთგვარი რისკია, თუმცა მცდელობა არის“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

ამასთან, ბერძენიშვილმა აღნიშნა, რომ მედიაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების კარგი გამოცდილებაც არსებობს.

„მაგალითად, ჩვენ ჩართულები ვართ პროექტში „ევროპული პერსპექტივა“, რაც გულისხმობს ხელოვნური ინეტელექტის მიერ ახალი ამბების 17 ენაზე ავტომატურად თარგმნას და გავრცელებას. შესაბამისად, ჩვენ საერთო ახალი ამბების ევროპული ქსელის წევრი ვართ, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენთვის უპირატესობაა. მაგალითად, საახალწლო ნაწილში ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი სატელევიზიო შეფუთვა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შეიქმნა. უბრალოდ, აქ შემოვიდა საკითხი – ამაზე ვსაუბრობთ? ვეუბნებით მაყურებელს, რომ ეს ჩვენ და ჩვენმა დიზაინერებმა კი არ დავხატეთ, არამედ მანქანამ, უნდა იცოდეს თუ არა ეს საზოგადოებამ? ეს კიდევ უსაფრთხო თემაა, მაგრამ მოდის სხვა რისკებიც, როდესაც დგება პასუხისმგებლობის აღების საკითხი. მაგალითად, ძალიან ბევრია შემთხვევა, როდესაც ჟურნალისტები ინტერვიუს იღებენ პირველ პირებთან ChatGPT-ის მეშვეობით. აქ უკვე პოლიტიკური დღის წესრიგიც შემოდის. საერთოდ, ვეუბნებით მაყურებელს, ეს ტექსტი ვისია, ვისი შექმნილია და ვინ იღებს ამაზე პასუხისმგებლობას? მაგალითად, ChatGPT-ის თუ ჰკითხავ ომის შესახებ და ის პასუხს გაძლევს რომელიმე მხარის, ქვეყნის სასიკეთოდ ან პირიქით, ვინ იღებს პასუხისმგებლობას, მანქანას ვაბრალებთ ამ პასუხებს? მაგალითად, პალესტინა-ისრაელის, უკრაინა-რუსეთის ომზე. ანუ ვინ დგას ამ შინაარსის უკან, მანქანა თუ ადამიანი? ისევე, როგორც მანქანა, რომელიც არის რობოტი, როდესაც ავტოავარია მოხდება, ვინ იღებს ამაზე პასუხისმგებლობას, მანქანის მწარმოებელი, ვინც ეს მანქანა იყიდა და ა.შ.? მე მინდა, ვთქვა, რომ ტექნოლოგია ძალიან კარგია, ტექნოლოგიურ წინსვლას წინ ვერავინ დაუდგება და ის სასიკეთოდ უნდა გამოვიყენოთ. პირველ რიგში, ჯანდაცვაში, რომელიც ძალიან ეხმარება მსოფლიოს და უკვე უამრავი სიკეთე მოიტანა, თუმცა მგონია, რომ პასუხისმგებლობაზე მეტი უნდა ვისაუბროთ. რაღაც ტიპის გენერირება კიდევ უფრო მეტი იქნება და ამას პასუხისმგებლობა უნდა დავუყენოთ უკან“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

მისივე თქმით, ხელოვნური ინტელექტი ბევრ ახალ სამუშაო ადგილს გააჩენს, თუმცა ადამიანი მაინც იქნება საჭირო პროცესის გასაკონტროლებლად.

„ხელოვნური ინტელექტი ბევრ ახალ სამუშაო ადგილს გააჩენს და მაინც ადამიანი იქნება საჭირო, ვინც ზოგადად პროცესს გააკონტროლებს, მედიასფეროში იქნება ეს თუ სამედიცინო სფეროში. იმიტომ, რომ ხელოვნური ინტელექტი არის და იქნება ადამიანის ხელსაწყო, თუმცა, რეალურად, ჩვენს სფეროში, ასევე კინოინდუსტრიაში ვხედავთ, რომ ჰოლივუდის სცენარისტების გაფიცვა დაწყებულია და არ მთავრდება. მედიის აბსოლუტურად ყველა გიგანტი კომპანია კი ათასობით ადამიანს ათავისუფლებს სამსახურიდან. ეს ახლა ხდება და რეალურად ეს პრობლემა უკვე დგას. ჩვენს ოპერატორებს სულ ეშინიათ ხოლმე, ამაზე რომ ვსაუბრობთ, მაგრამ, მგონი, ბოლო ნიუსრუმი ვართ ჩვენი რეგიონის ქვეყნებში, სადაც რობოკამერა არ დგას. ანუ, სტუდიური ოპერატორი, როგორც პროფესია, უბრალოდ არ არსებობს და მხოლოდ ჩვენ ვართ ბოლო დინოზავრები და მოჰიკანები. ასევე გასათვალისწინებელია ამ ადამიანების ასაკი და იმის თქმა, რომ მოდი, სწრაფად გასწავლი, არ არის სამართლიანი, აქ ეიჯიზმის ნაწილი შემოდის“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

ამ განცხადებით თინათინ ბერძენიშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, აქვს თუ არა გავლენა ხელოვნურ ინტელექტს შრომის ბაზარზე და დგას თუ არა ბევრი ადამიანის სამუშაოს დაკარგვის საფრთხე, რადგან ადამიანის სამუშაოს ხელოვნური ინტელექტი ანაცვლებს.

ბერძენიშვილის თქმით, ტექნოლოგია ყველას მოგვწონს და განვითარებაზე უარს არ ვამბობთ, თუმცა თაობებს შორის უსამართლო დამოკიდებულება გაჩნდება, გაჩნდა კიდეც და ამ პრობლემაზე უნდა ვისაუბროთ.

„მარი მალაზონია ხშირად საუბრობს ხოლმე, რომ 21-ე საუკუნეში ყველა ადამიანი მიოპიით ჩნდება, ანუ ახლომხედველია, ყველას ახლოს გვაქვს ტელეფონი და ბიოლოგიურად შევიცვალეთ კიდეც, ტრანსფორმაცია განვიცადეთ. თაობებს შორის უსამართლო დამოკიდებულება გაჩნდება და გაჩნდა კიდეც, ეს რეალობაა. ტექნოლოგია ყველას გვინდა, მოგვწონს და განვითარებაზე და ინოვაციაზე უარს არ ვამბობთ, მაგრამ ამ პრობლემაზე უნდა ვისაუბროთ“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

როგორც თინათინ ბერძენიშვილმა აღნიშნა, ადამიანი ჭკვიანი არსებაა და, საბოლოო ჯამში, ტექნოლოგიების განვითარების სიკეთეს ალბათ საუკეთესოდ გამოვიყენებთ, მაგრამ ახლა, რეალურად, საკმაოდ დიდი საფრთხის წინაშე ვდგავართ, როგორც უმუშევრობის, ისე დეზინფორმაციის ნაწილში და ასევე პოლარიზაციის, რომელიც ასევე ამ ტექნოლოგიებმა მოიტანა.

„ჩვენ რომ გვაინტერესებს, დავუშვათ, ჟურნალისტური ეთიკა, სტანდარტი და ა.შ., დეზინფორმაცია გასცდა ამას და მივიდა იქამდე, რომ ხელოვნური ინტელექტის არჩევნებს ვეძახით, ახლა მოდის უამრავი მნიშვნელოვანი არჩევნების პერიოდი და რომელი ალგორითმის სისტემა რომელს მოუგებს, ამაზეა საუბარი. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენზე ახდენს გავლენას, ნიჰილიზმია, ნდობა პროცესების მიმართ და, საბოლოოდ, არჩევანის გაკეთება, რაც ისევ ადამიანის კეთილდღეობაზე უნდა აისახოს, ანუ, საკმაოდ ვრცელი ციკლია. რა თქმა უნდა, ადამიანები ჭკვიანი არსებები ვართ, საბოლოო ჯამში, ჩვენთვის უნდა გვინდოდეს ეს ტექნოლოგიებიც და ალბათ ამ სიკეთეს საუკეთესოდ გამოვიყენებთ, მაგრამ ახლა, რეალურად, საკმაოდ დიდი საფრთხის წინაშე ვდგავართ როგორც უმუშევრობის, ისე დეზინფორმაციის ნაწილში და ასევე პოლარიზაციის, რომელიც ასევე ამ ტექნოლოგიებმა მოიტანა. ასევე ვხედავთ, რომ განათლების სფეროშიც დიდი რისკებია“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.

როგორც პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, ხელოვნური ინტელექტი ანაცვლებს, მაგალითად, მედიაში ფილმების სელექციას, გადაცემების უფრო კარგად გაკეთებას, დიზაინს და ა.შ. მაგრამ შემოქმედებითი აზროვნებისთვის მაინც ადამიანია საჭირო, რომელსაც ჯერჯერობით ვერაფერი ანაცვლებს.

„შემოქმედებისთვის მაინც ადამიანია საჭირო, რომელსაც ჯერჯერობით ვერაფერი ჩაანაცვლებს, სანამ თვითგანვითარებადი რაღაც რობოტი არ იქნება, რომელიც შესაძლებელია, იყოს, მაგრამ უფრო მეტ კრეატივს წარმოშობს, რაც კვლევით დასტურდება, ვიდრე პირიქით. ანუ, ადამიანს უფრო მეტი დრო ეძლევა იმისთვის, რომ იფიქროს, შექმნას და სამყარო უფრო უკეთესი გახადოს. იმიტომ, რომ ხელოვნება ამას ემსახურება და ჩვენი სფეროც ამ კრეატიული, შემოქმედებითი ინდუსტრიის ნაწილია“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.