თინათინ ბერძენიშვილი - 5 ივლისის ძალადობას მაინც არაფერი ამართლებს, ის არაფრით შეიცვლება, შემდგომში რაც არ უნდა ვიხილოთ
5 ივლისს რაც მოხდა, არის ძალადობა, მას გამართლება არ აქვს, არ სჭირდება წინაპირობები, არც გამომწვევი და შემდგომი მიზეზების ძიება, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა გადაცემა „ახალ დღეში“ განაცხადა.
მისი თქმით, ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტები უფრო ფართო ჭრილში უნდა განვიხილოთ, როგორც ძალადობა ადამიანზე.
„ნამდვილად ძალიან რთული და მძიმე დღეა. დღე კი არა, მთლიანად კვირა. ეს არ არის პათეტიკა. 5 ივლისიდან ნამდვილად ძალიან რთული იყო და რაღაც ნაწილში უპრეცედენტო. დასრულდა იმით, რაც გუშინ მოხდა. ეს ტრაგედიაა, არა მხოლოდ მედიისთვის. მანამდეც არაერთხელ ვთქვი, რომ რაც მოხდა, ძალადობა ჟურნალისტებზე, ეს არის ძალადობა ადამიანზე. მხოლოდ მედიის ჭრილში ამაზე საუბარი, ვფიქრობ, უფრო ვიწროა. ამას უფრო ფართო სპექტრი სჭირდება. უბრალოდ, არ მეგულება ადამიანი და არ მინდა, მჯეროდეს, რომ ასეთი არსებობს, რომ გუშინდელ დღეს ასე მძაფრად არ აღიქვამდეს და ტრაგედია არ იყოს მისთვის, რაც მოხდა. მე ასე მინდა, რომ მჯეროდეს“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.
მისი თქმით, 5 ივლისის ძალადობას არაფერი ამართლებს.
„მედიის როლი ზოგადად, ძალიან რთულია, რადგან დღის წესრიგი პირობითად მედიისთვის კი არ იცვლება, ხშირად მედია არის დღის წესრიგის შემცვლელი. გუშინ ძალიან ბევრი დისკუსია იყო, მათ შორის, რა შეიძლება, ყოფილიყო შედეგი და ა.შ. ერთი რამ მინდა, ვთქვა: 5 ივლისის ძალადობას მაინც არაფერი ამართლებს და ის არაფრით შეიცვლება, როგორი შედეგიც, შემდგომში რაც არ უნდა ვიხილოთ. თუ ამაზე ჩვენ, როგორც საზოგადოება, არ შევთანხმდებით და რაღაცას არ დავარქმევთ თავის სახელს, ძალიან გაგვიჭირდება და რომ გვიჭირს, ეს ჩანს რეალურად. დრამატიზებას ნამდვილად არ ვახდენთ, მაგრამ რეალურად ვდგავართ სამოქალაქო ომისა და დაპირისპირების წინაშე. საზოგადოება ძალიან გახლეჩილია, თითქოს არის ხოლმე მომენტები, როდესაც რაღაც ტრაგედია გვაერთიანებს, მაგრამ მეორე წუთში იწყება ისეთი პოლარიზება, რომ რეალურად საშიში ხდება ერთად თანაცხოვრება“, – აღნიშნა თინათინ ბერძენიშვილმა.
მისივე თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებელს უნიკალური როლი აკისრია.
„მე გუშინაც ვთქვი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის როლი ნამდვილად უნიკალურია, რადგან ჩვენ არ ვემსახურებით საზოგადოების თითო წევრს. მისი ფუნქცია აბსოლუტურად განსაკუთრებულია, გარკვეული სარედაქციო ნაბიჯების გადადგმაში ისევ და ისევ ერთობა გვჭირდება, რაღაც ნაწილში ხედვა. საზოგადოების სახელით ძალიან რთულია პოზიციონირება, რადგან ჩვენ რეალურად კარგად არ ვიცით, რა უნდა საზოგადოებას. სწორედ ამიტომ ვსაუბრობ, რომ შეთანხმება მოგვიწევს. შეთანხმება იმაზე, რომ დიახ, 5 ივლისს რაც მოხდა, არის ძალადობა, მას გამართლება არ აქვს, წინა და უკანა პირობები არ სჭირდება, არც წინა გამომწვევი და არც შემდეგ რაღაც მიზეზების ძიება. ამიტომ ისევ ისეთივე რთული იქნება. არ მგონია, მარტივად დასრულდება, მარტივად იქნება ყველაფერი. თუმცა, ამაზე დაგვჭირდება საუბარი. საზოგადოებრივი მაუწყებელიც ფიქრობს, ჩვენ ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ვფიქრობთ, სად არის ჩვენი როლი, როგორია ჩვენი მისია და რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ვეცადოთ, საზოგადოებაში საღი აზრი იყოს დომინირებული“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.