თინა ხიდაშელი - ვფიქრობ, მეორე ტურში „ნაცმოძრაობას“ გამარჯვებისთვის საკმარისი ამომრჩეველი არ ეყოლება
„სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელის, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინა ხიდაშელის შეფასებით, ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების მეორე ტურში „ნაციონალურ მოძრაობას“ გამარჯვებისთვის საკმარისი ამომრჩეველი არ ეყოლება.
ხიდაშელის თქმით, გამარჯვებას სჭირდება ამომრჩევლის ხმათა ის რაოდენობა, რაც სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა მთლიანობაში მიიღეს. თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ ამის ალბათობა იმ პირობებში, როდესაც სააკაშვილი საქართველოში იმყოფება, ძალიან ცოტაა.
„სააკაშვილმა საკუთარი პარტიისთვის ძალიან ცუდი როლი ითამაშა. როდესაც მისი ჩამოსვლის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, პირველ ტურში „ქართული ოცნების“ თეორიული მხარდამჭერების მობილიზება მოხდა. წინასწარი კვლევებით, იმ მოქალაქეებმაც კი მისცეს ხმა, ვინც არჩევნებზე მისვლას არც აპირებდა. მათ დაინახეს ის, რისიც ამდენი წლის განმავლობაში ეშინოდათ – შესაძლოა, დაბრუნდეს რეჟიმი. ასე რომ, ვფიქრობ, მეორე ტურში „ნაცმოძრაობას“ გამარჯვებისთვის საკმარისი ამომრჩეველი არ ეყოლება. გამარჯვებას სჭირდება ამომრჩევლის ხმათა ის რაოდენობა, რაც სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა მთლიანობაში მიიღეს. ამის ალბათობა კი იმ პირობებში, როდესაც სააკაშვილი აქ არის, ძალიან ცოტაა“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.
ამასთან, ხიდაშელის განმარტებით, დარწმუნებულია, გახარიას ამომრჩეველი არ მისცემს ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“.
„ასევე, წარმოუდგენელია, სხვა პარტიის მხარდამჭერები, ვინც „ოცნებით“ იმედგაცრუებულია, „ნაციონალებისკენ“ გადაიხარონ. მათ კი, ვინც „ნაციონალებისთვის“ აპირებდა ხმის მიცემას, პირველ ტურში უკვე მისცეს და შესაბამისად, მეორე ტურში ახალ სურათს არ ველოდები.თუმცა საქართველო იმდენად უცნაური ქვეყანაა, ყოველდღე შეიძლება რაღაც უჩვეულო მოხდეს. ამიტომ არც იმას გამოვრიცხავ, რომ 30 ოქტომბრამდე „ქართულმა ოცნებამ“ ისეთი რამ ჩაიდინოს, რომ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციაზე მეც კი გამიყვანოს ქუჩაში, რაც ახლა სრულიად ფანტასტიკად მიმაჩნია. თუმცა ბოლოდროინდელმა პროცესებმა დაგვანახა, რომ მათ სიბეცეს, სიბრიყვესა და უტიფრობას საზღვარი არა აქვს“, – აღნიშნა თინა ხიდაშელმა.