თინა ბოკუჩავას განცხადებით, ოპოზიციამ დიპლომატიურ კორპუსს განუმარტა, რომ გეგმების ფუნდამენტურ ნაწილს საპროტესტო აქციები წარმოადგენს
„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა დიპლომატიურ კორპუსს განუმარტეს, რომ მათი გეგმების ფუნდამენტურ ნაწილს საპროტესტო აქციები წარმოადგენს.
მისივე თქმით, საელჩოების წარმოამდგნელებს არჩევნების გაყალბების სამხილები წარუდგინეს და ოპოზიციის ერთობა დაუდასტურეს.
„დიპლომატიურ კორპუსთან დღევანდელი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო იმ გაყალბების სამხილების წარდგენა, რომელიც ჩვენ კოალიციურ
პარტნიორებთან ერთად შევაგროვეთ. ასევე, კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ ერთობა, რომელიც არის ოპოზიციურ ფრონტზე. ხაზი გავუსვით, რომ არცერთი ოპოზიციური პარტია არ შევა პარლამენტში. ბოლოს ჩვენ დიპლომატიურ კორპუსს კიდევ ერთხელ ავუხსენით, რომ ჩვენი გეგმების ფუნდამენტურ ნაწილს შეადგენს საპროტესტო აქციები. მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანი ნაწილია ხანგრძლივი, განგრძობადი, მიზანმიმართული და შედეგზე ორიენტირებული საპროტესტო აქციები საზოგადოების აქტიურ წევრებთან ერთად, რომლებიც იბრძოდნენ „რუსული კანონის“ წინააღმდეგ, კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ცნობისთვის, ოპოზიციური გაერთიანების ლიდერები საელჩოების წარმომადგენლებს შეხვდნენ. კერძოდ, შეხვედრას ესწრებოდნენ „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველოსა“ და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. შეხვედრას არ დასწრებიან პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრები.