თინა ბოკუჩავამ უმრავლესობას მიმართა - არ არსებობს იმაზე მძიმე განაჩენი, ვიდრე განაჩენი, რომელიც შენს ხალხსა და ისტორიას გამოაქვს, ღალატის დამღით ივლით მთელი დარჩენილი ცხოვრება
დღეს ზურაბიშვილის ვეტოს გათვალისწინება არის კანონის გაწვევის უკანასკნელი შანსი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის წევრმა, თინა ბოკუჩავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
თინა ბოკუჩავამ უმრავლესობის წევრებს მიმართა, რომ დღევანდელი დღე არის ბოლო შესაძლებლობა, თავი გადაირჩინონ პერსონალური სანქციებისგან და ქვეყნის ევროატლანტიკურ არჩევანს აარიდონ უდიდესი დარტყმა.
„დღეს დილით დავბრუნდი ბულგარეთიდან, სადაც სოფიაში იმართებოდა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა. ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო დეკლარაცია, სადაც კატეგორიულად მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაიწვიოთ ე.წ. აგენტების კანონი. ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, მიხეილ შერბას ინიციატივით, ბიურომ ასევე მოუწოდა და, შესაბამისად, ნატო-ს ყველა წევრმა კატეგორიულად მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, გაიწვიოს აღნიშნული კანონი. ივანიშვილის დეპუტაციას, მინდა, გითხრათ, ან საერთოდ აღარ გხვდებიან საერთაშორისო პარტნიორები, ან გხვდებიან მხოლოდ იმიტომ, რომ გაგაფრთხილონ იმ მძიმე შედეგების შესახებ, რომელიც ელოდება ყველას, ვინც ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას. დელეგაციის ხელმძღვანელის, ხატია წილოსანის სამარცხვინო და მოღალატეობრივ არგუმენტებს აღარავინ ისმენდა, თურმე როგორ აწყობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები რევოლუციას საქართველოში ორჯერ.
დღეს პრეზიდენტ ზურაბიშვილის ვეტოს გათვალისწინება არის კანონის გაწვევის უკანასკნელი შანსი. მე ამ დარბაზში, თუ მის მიღმა იშვიათადღა მოგმართავთ ხოლმე ივანიშვილის დეპუტაციას, რადგან ვხედავ, რომ ქვეყნის ინტერესები ივანიშვილის მონობაში გაცვალეთ. უკანასკნელად მინდა, მოგმართოთ. დღევანდელი დღე არის ბოლო შესაძლებლობა თითოეული თქვენგანისთვის, რომ, ერთი მხრივ, თავი გადაირჩინოთ პერსონალური სანქციებისგან და, მეორე მხრივ, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ქვეყნის ევროატლანტიკურ არჩევანს აარიდოთ უდიდესი დარტყმა. თითოეულ თქვენგანზეა დღეს დამოკიდებული, როგორ შევა დღევანდელი დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში, როგორც დღე, რომ კოლექტიური მონობით ივანიშვილის დეპუტაციამ გაყიდა ქვეყნის ევროპული პერსპექტივა თუ დღე, როდესაც თუნდაც რამდენიმე ადამიანის პერსონალურმა და პოლიტიკურმა გამბედაობამ ქვეყანა გადაჩეხას გადაარჩინა. თითოეულ თქვენგანს აქვს არჩევანი ქვეყნის ინტერესების დაცვასა და ვერშემდგარი დიქტატორის, ივანიშვილის მონურ მსახურებას შორის. თითოეულ თქვენგანს აქვს არჩევანი თავისუფლებასა და მონობას შორის.
დღეს არის არჩევანი თქვენ წინაშე: რუსი ოლიგარქის „რუსული კანონის“ დაცვა საქართველოს რუსეთთან პირისპირ დატოვების მიზნით თუ საქართველოს ევროპული მომავლის გადარჩენა. ეს არის ის არჩევანი, რომლის წინაშეც თითოეული თქვენგანი დღეს დგას. არასოდეს ყოფილა ასეთი მკაფიო არჩევანი. ეს არჩევანი არის ჩვენი ქვეყნის არჩევანი და შანსი აღარ მოგეცემათ თქვენ, რომ არ ჩაიწეროთ ქვეყნის უახლეს ისტორიაში, როგორც მოღალატეები. არ არსებობს იმაზე მძიმე განაჩენი, ვიდრე განაჩენი, რომელიც შენს ხალხსა და ისტორიას გამოაქვს. ღალატის დამღით ივლით მთელი დარჩენილი ცხოვრება. საქართველო მაინც გაიმარჯვებს, გაიმარჯვებენ ახალგაზრდები და მათთან ერთად გავიმარჯვებთ ჩვენ ადამიანები, ვინც ყველა ასპარეზზე ვიბრძვით ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის გადასარჩენად. ივანიშვილის პოლიტიკური სამარე გათხრილია და თქვენ რომ შეგეძლოთ გამოსვლა და დადგომა გვერდით იმ ახალგაზრდებთან, რომლებიც ყოველდღიურად იცავენ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს, ამას საკუთარი თვალით დაინახავდით. ჩახედავდით ივანიშვილის პოლიტიკურ სამარეს თვალებში. არჩევანი კი თქვენზეა, ჩაჰყვებით ივანიშვილს პოლიტიკურ სამარეში თუ არა“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.